სალომე ზურაბიშვილი - არ ვფიქრობ, რომ ნავალნის და სააკაშვილის შედარება შეიძლება, ამის მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, საქართველო რუსეთი არ არის
სალომე ზურაბიშვილი - არ ვფიქრობ, რომ ნავალნის და სააკაშვილის შედარება შეიძლება, ამის მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით ამ შემთხვევაში, საქართველო რუსეთი არ არის

არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Bloomberg-ის ჟურნალისტს, რომელმაც ნავალნის გარდაცვალებასა და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე დაუსვა კითხვა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა  Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა, შედარების მიზეზი არ არსებობს.

კითხვაზე, – დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა, გკითხოთ, თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, – ზურაბიშვილმა აღნიშნა: „არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია“.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთი არ არის.

„შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არ არის და ამას ყოველთვის გავიმეორებ. რაც შეეხება ამ ტრაგიკულ ვითარებას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება, თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ, კონფერენციაში იღებდა მონაწილეობას), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის. რუსეთისთვის კი ეს, უბრალოდ, იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.