სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება, თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, ექიმების მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეს ჩვენ არ გვეკადრება
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, შესაძლებელი გახდა პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან.
როგორც ზურაბიშვილმა პარლამენტში განაცხადა, ვითარების მაქსიმალური გაკონტროლება შესაძლებელი გახდა ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტური ნაბიჯებით, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობით, ხოლო მეორე მხრივ ექიმების დაუღალავი ძალისხმევით.
„ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ დარბაზში შევიკრიბეთ და საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის საშუალებით, ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე, ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან. ეს ერთი მხრივ მთავრობის დროული და ეფექტიანი ნაბიჯების, ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის, და მეორე მხრივ, ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განმარტებით, ამ ფონზე ექიმების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები მიუღებელია.
„ამიტომ მე მგონია, რომ არ შეიძლება, ამ დროს ექიმებისა და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება. ყველა მიმართულებით გაწეული ძალისხმევის შედეგია ის, რომ დღემდე ვინარჩუნებთ სხვებთან შედარებით დაბალ მაჩვენებლებს და ვიმსახურებთ მაღალ საერთაშორისო შეფასებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.