სალომე ზურაბიშვილი - არ შეიძლება ამ ადგილას მაგისტრალის გადაკეტვა, არ შეიძლება უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება
რაც არ უნდა იყოს მიზეზი, გამართლება თუ მიზანი, არ შეიძლება ამ ადგილას მაგისტრალის გადაკეტვა, არ შეიძლება დღევანდელი უმძიმესი ტრაგედიით სპეკულირება და სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი 26 თებერვალს ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას.
„გასაგებია საზოგადოების აღშფოთება და ოჯახის ტკივილი, მაგრამ გაუგებარია, პოლიტიკურად მოტივირებული აქტივისტები რას იმოქმედებდნენ და რას უბიძგებენ ხელისუფლებას, რომელი ბერკეტის ამოქმედებას, ძალის თუ რა სხვა ხერხის გამოყენებას.
ურთულესია ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, უმძიმესია იმის განცდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მობილიზების გარდა, სხვა ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია. უმწარესია, როცა ვერაფრით ვერ შველი შენს დაკავებულ მოქალაქეებს, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს ამ დროს ქვეყნის სისუსტეზე ხაზის გასმას სწორედ იმ ყველაზე ფაქიზ ადგილას, საიდანაც მტერი თვალებში გიყურებს.
ნეტავ, ასეთ არსებით საკითხზე რატომ ვახარებთ მას ჩვენი ორ ბანაკად გახლეჩით, ნეტავ რატომ ვუხსენებთ ყველას, რომ ამ მაგისტრალზე ქვეყნის ორად დაყოფა შეიძლება. ნუთუ არ შეგვიძლია, რამდენიმე საკითხის მიმართ ზეპოლიტიკური, ზეპარტიული და მაშასადამე, ზნეობრივი მიდგომა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.