სალომე ზურაბიშვილი - არ მგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად
მე ვიყავი შეშფოთებული, ისევე როგორც მთელი მსოფლიო და შეიძლება, უფრო მეტადაც კი. ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ღამე ვადევნებდი თვალს ახალ ამბებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარი წინააღმდეგობაში მოდიოდა ჩემს შეგრძნებასთან, რომ ბირთვული ბალანსი კარგად მუშაობს დღეს და ამ ხაზს, რომელიც დაცულია ნატო-ს მიერ, ყველა ძალიან უფრთხილდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა რეაქციაზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა, როდესაც შეიტყო, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
„მანამდე არც კი ვფიქრობდი, რომ რუსეთი განზრახ და მიზანმიმართულად გაბედავდა ამ ტერიტორიის რომელიმე ნაწილის ხელის ხლებას, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყოველთვის შეიძლება, მოხდეს არასწორად გათვლილი რამ და ჩვენ ვნახეთ, რომ ასეთი არასწორად გათვლილი ნაბიჯი რუსეთის ლიდერის მხრიდან რამდენიმე იყო. ამიტომ არაფრის გამორიცხვა არ შეძლებოდა და მე შეშფოთებული ვიყავი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, კითხვაზე, „სურს თუ არა რუსეთს საქართველოს შთანთქმა“, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოს შთანთქმა“.
„ეს იყო რუსეთის იმპერიის დიდი ხნის ოცნება, შემდეგ – საბჭოთა კავშირის, რომელმაც ფაქტობრივად საკუთარ შემადგენლობაში შეიყვანა დამოუკიდებელი საქართველო 1921 წელს. 1992-93 წლებში ხალხმა არ იცოდა, მაგრამ რუსეთი სრულად იყო ჩართული სეპარატისტების ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ. ის იყო აქტიურად და სამხედრო გზით ჩართული. 2008 წელი კი გახლდათ უკანასკნელი მაგალითი ამ მცდელობისა. ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით და ასე გვიწევს ცხოვრება უკვე დიდი ხანია. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სხვადასხვა იმპერიის შემოჭრის პირობებში და ყველა მათგანს წინააღმდეგობას უწევდა. შეიძლება, ეს სასწაულია ან საქართველოს მედეგობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, არსებობს თუ არა ახლა რუსეთის საქართველოში შეჭრის შესაძლებელობა, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ „არ ჰგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად“.
„არ მგონია, ასე არ ვფიქრობ. საქართველოს არ ჰყავს უკრაინის მსგავსი არმია, არ აქვს იმხელა ტერიტორია და სამხედრო რესურსები, რაც უკრაინას. მიუხედავად ამ ყველაფერისა, რუსეთში იციან ინდივიდუალურად ქართველების წინააღმდეგობის გაწევის უნარი მსგავსი ოკუპაციის მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის დამცირებას, ფაქტს, რომ აგებს ამ ომს, მრავალი გაგებით. მან ბევრი არასწორი გათვლა გააკეთა და შეიძლება, დროის რაღაც მომენტში, შიდა მიზეზებით, რუსეთს გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, სადაც ეს უფრო იოლია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, მაგრამ, ამავე დროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს ჩვენს ქმედებებზე, ჩვენს სიტყვებსა და ევროპულ ორიენტაციაზე. ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, მაგრამ ვერავინ და ვერასდროს შეძლებს რუსეთის შეჩერებას ამ ცდუნებისგან, თუ რუსეთი იფიქრებს, რომ დროის იმ მომენტში ეს მის საუკეთესო ინტერესებშია. თუმცა არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება გავაკეთოთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ საქმე არ გავუადვილოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.