სალომე ზურაბიშვილი - არ მაქვს ნიშანი, რომ მაგალითად, ჩემზე არის ჩარევა, უცხოელებს, როცა ამ თემაზე აპელირებენ, ვეუბნები, არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ ივანიშვილი თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას
მმართველი გუნდის ბრალია, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდნენ, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა. არ უმუშავიათ, არ ჩაუტანიათ ფაქტები, რატომ არ არის სწორი და რომ არ არსებობს ფაქტები ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, რომლითაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას: „მმართველი გუნდი მუდმივად აპელირებს რეზოლუციის ერთ-ერთ ჩანაწერზე, რომ მოხდა დეოლიგარქიზაციის პერსონიფიცირება, რომ მოუწოდეს ბიძინა ივანიშვილის სანქციების საკითხის განხილვისკენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს“.
ზურაბიშვილის თქმით, ფაქტები უნდა ჰქონდეს უმრავლესობას და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს.
„მე არ მაქვს ფაქტები, ფაქტები უმრავლესობას უნდა ჰქონდეს და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს, რომელიც შვეიცარიის გაზეთებში კი არ უნდა წერდეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო იქ მთელი კონტრარგუმენტებით იმიტომ, რომ ხომ იციან, ოპოზიცია იქ რა არგუმენტებით მუშაობდა? მე პრეზიდენტი ვარ და მე ხომ არ ჩავერთვები ამაში?“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, თქვენ გისვამენ შეკითხვებს იგივე არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით?, – სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, პარტნიორებს ეუბნება, რომ „არ აქვს ნიშანი, რომ მაგალითად, მასზე არის ჩარევა“.
„ჩვენი პარტნიორები მისვამენ შეკითხვებს და მაქვს ჩემი პასუხები. ჩემი პასუხია – მე არ მაქვს ნიშანი, რომ მაგალითად, ჩემზე არის ჩარევა. ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე, პირველივე დღიდან თქვა, თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და თქვენ საქმიანობაში არავინ ჩაერევაო. თქვენ იცით, პრეზიდენტზე ახლა რა თავდასხმები მოდის, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა. ამას ვეუბნები უცხოელებს, როცა ამ თემაზე აპელირებენ, რომ მე პირადად, რა პირდაპირი ინფორმაციაც მაქვს, ბიძინა ივანიშვილი მე მგონი, ორი წელი გახდა, არ მინახავს და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება, ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ალბათ, ნორმალურია. სხვა, მე ფაქტი არ მაქვს, მაგრამ დანარჩენი გასაკეთებელი იყო არა პრემიერის და პრეზიდენტის დონეზე, არამედ პარტიული საქმიანობის დონეზე. მუშაობა ჰქვია ამას – ჩასვლა, ცალ-ცალკე შეხვედრა ევროპარლამენტარებთან და კითხვა, რის საფუძველზე აკეთებთ ამ განცხადებას, ან გაქვთ რწმენა, რომ ასეთი რამ ხდება და აი, ჩემი ფაქტები. ეს პარტიული საქმიანობაა, დეპუტატების საქმიანობა და ჩემი ბრალი არ არის, რომ არ მუშაობენ და არ იციან, როგორ იმუშაონ. ლანძღვით რომ არაფერი არ კეთდება და პირიქით, მძიმდება, ეს არ იციან. სხვათა შორის, სანქციების თემა ევროპარლამენტის რეზოლუციით დასრულდა და ეს ევროპულმა საბჭომ არ გადმოიტანა თავის რეზოლუციაში, სადაც ერთ-ერთი ზოგადი პუნქტი არის დეოლიგარქიზაცია, როგორც არის მოლდოვაზე და უკრაინაზე. იქ არანაირი მინიშნება არ არის ბიძინა ივანიშვილზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.