სალომე ზურაბიშვილი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების შეხვედრა დასრულდა.
როგორც პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მშობლებმა განაცხადეს, სალომე ზურაბიშვილი მათ მაქსიმალურად დაეხმარება.
მშობლების განმარტებით, პრეზიდენტი ჩაერთვება წამლის უსაფრხოებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების პროცესში, ასევე მათ დაეხმარება წამლის შემოტანის პროცესის დაჩქარებაშიც.
„პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა. ძალიან სასიამოვნოა, რომ სრულად იყო გაცნობიერებული ამ სინდრომის შესახებ, ექიმებთან ჰქონდა გავლილი კონსულტაცია და მომზადებული შეგვხდა მედიკამენტთან დაკავშირებით. მოისმინა ჩვენი ამბავიც, რა გამოვიარეთ ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში და რაში მდგომარეობს ჩვენი პრობლემა, რომ ძალიან გვეჩქარება. რადგანაც პრემიერმა ახსენა, რომ არის თანხა ბიუჯეტში, მაქსიმალურად ჩავერთვები ლოგისტიკურად, რომ პროტოკოლურად რაც საჭიროა – ექიმების გადამზადება, თუნდაც ინფორმაციის გადამოწმება, ნამდვილად ლიცენზირებულია თუ არა, დოკუმენტაციის დამტკიცება, დაგეხმარებით, რომ დავაჩქაროთ პროცესიო. პრეზიდენტმა გამოხატა დიდი კმაყოფილება, რომ ბიუჯეტში არის ამისთვის თანხები და მზადაა, ყველანაირად დაგვეხმაროს“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა, მაკუნა გოჩიაშვილმა.
მშობლები აცხადებენ, რომ შეხვედრის მოთხოვნის თაობაზე პრეზიდენტისთვის წერილი წელიწად-ნახევრის წინ ჰქონდათ გაგზავნილი, დღეს კი კვლავ მიმართეს სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თაობაზე, რის შემდეგაც მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.