სალომე ზურაბიშვილი - ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის
არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი გამოსვლისას განაცხადა, რომლითაც „ქართული ქარტიის“ ხელმომწერ პოლიტიკოსებს მიმართა.
სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი პოლიტიკოსების მიმართვისას განაცხადა, რომ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე პროცესები არის ერთადერთი შანსი, მოხდეს არჩევნების მოგება.
„არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ანაკლიაში ჩინელების შემოყვანა ამ დოზით არის დანის ჩარტყმა ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელი თუ ევროპელი პარტნიორებისთვის. ამიტომ ეს პროცესი არის ერთადერთი შანსი, რომ მოვახდინოთ ამ არჩევნების მოგება. ეს არის მიზანი. მიზანი თვითონ არჩევნები არ არის, არჩევნები არის საშუალება, რომ შესრულდეს ეს ქარტია და ამან დაგვაბრუნოს ევროპაში. ამისთვის საჭიროა დიდი მობილიზაცია ამომრჩევლების, რადგან ჩვენს ქვეყანაში არჩევნებს იგებენ ძალიან რთულ პირობებში, მაგრამ არჩევნების მოგება ყოველთვის შეიძლება. მეც მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველა იყოს ჩართული, არ შეიძლება ინდიფერენტულობა. ეს არის დანაშაული ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც ამის ღირსი არ არის. ეს მობილიზაცია ეხება დიასპორასაც, რომელიც აქამდე იყო ინერტული, არც არავინ უწყობდა ხელს, უფრო აქტიურად ჩართულიყო არჩევნებში. დღეს სულ სხვა რამ არის, მათთვისაც წყდება ამ ქვეყნის მომავალი, შენ გაინტერესებს შენი ქვეყნის ბედი და ის, რომ ოკუპანტს არ ჩაუვარდეს ხელში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საბოლოო წინადადება წარადგინა ჩინურმა კონსორციუმმა, რომელიც გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება.