სალომე ზურაბიშვილი - ალბათ იმიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად, ომში ვიმღეროთ
ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც მუდამ მღერის, ლხინსა და ჭირში. მღერის, როცა მუშაობს, მღერის ეკლესიაში და ეს არის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გურიაში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილ საღამოზე განაცხადა, სადაც ლოტბარი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილს საქართველოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.
„ბატონო ანზორ, თქვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მიხარია, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო ჯილდოს გადმოცემა ხდება სწორედ აქ, ამ სოფელში. ეს ღონისძიება უნდა ყოფილიყო სწორედ ასეთ ხალხმრავალ ადგილას, რადგან ეს არის თქვენი ცხოვრების სიმბოლო და ნიშანი. თქვენ ჩვენს ფოლკლორს ემსახურებოდით. რომ არა მრავალხმიანობა საქართველოსი, რომ არა ის სიმღერები, რომლებიც თქვენ გადაარჩინეთ, აღმოაჩინეთ, შეგვინახეთ და შეუნახეთ მომავალ თაობებს, ჩვენ არ ვიქნებოდით ის, რაც ვართ. ვერც ერთი ქართველი ვერ იტყვის, რომ ქართველია, თუ არ მოუსმენია მრავალჟამიერისთვის, მეგრული ნანასთვის, გურული კრიმანჭულისთვის დ ასე შემდეგ, ასევე საგალობლები, რაც გვაქვს და რითაც ვლოცულობთ. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც მუდამ მღერის, ლხინსა და ჭირში. მღერის, როცა მუშაობს, მღერის ეკლესიაში და ეს არის მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ამით ვართ ჩვენ, ალბათ, ასეთი ძლიერი. ალბათ, ამიტომაც გადავრჩით, რომ გვაქვს საშუალება, თუნდაც ძალიან მძიმე პერიოდში, მაგალითად, ომში ვიმღეროთ. ვისაც, ასევე სვანური ზარი არ გაუგონია, მან არ იცის საქართველო. ეს არ არის ზოგადად საქართველოს ჯილდო, ეს არის პირადად თქვენთვის, თქვენი დამსახურეებისთვის. მე გადმომცეს თქვენი ბიოგრაფია, 11 გვერდი პატარა შრიფტით, იქ იმდენი რამ წერია, რომა ამას ნამდვილად ვერ გავიმეორებ, ჩემზე მეტად სხვებიც იტყვიან, დღესაც, ხვალაც“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ანზორ ერქომაიშვილისთვის დღეს გადაცემული ჯილდო ყველა იმ ლოტბარს ეკუთვნის, რომელმაც საქართველოს ეს საგანძური შემოუნახა.
„ჩვენს ზურგს უკან დგას ანსამბლი „რუსთავი“, ეს არის ის ანსამბლი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყავით 50 წელზე მეტი. ეს არის ერთი მაგალითი, ბევრი სხვა მაგალითიცაა თქვენი შემოქმედეების. მინდა ყველაზე მნიშვნელოვანი ვთქვა – თქვენ ასწავლეთ ახალ თაობებს, შეინარჩუნეთ ქართული სული, იდენტობა, რომელიც ჩვენთვის შინაგანი ძალაა. გუშინ და გუშინწინ იყო მძიმე დღეები, გადავრჩით და კიდევ გადავრჩებით იმიტომ, რომ არსებობს ეს შინაგანი ძალა. ახლა ჩამოვედით იმ საფლავებიდან, რომელიც მაგალითია იმისა, რომ არსებობს ძნელი პერიოდები, რომელიც გაივლის. ჩვენ არ დავკარგავთ იმ ეროვნულ ენერგიას, რომელმაც მოგვიყვანა საუკუნეების მანძილზე. თქვენ ამის გამგრძელებელი ხართ, ეს არის ჩვენი ისტორია. მინდა გავიხსენო ყველა ის ლოტბარი, რომელიც მონაწილეობდა ამ დიდ ტრადიციაში. ეს ადამიანები ამ ჯილდოში არიან გაერთიანებულნი, ისინი ალბათ ზეიმობენ იქ, სადაც არის ზეციური საქართველო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ანზორ ერქომაიშვილს ბრწყინვალების ორდენი ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანაში, მაცხოვრის სახელობის ეკლესიის ეზოში
გადასცა. გამოჩენილ მომღერალს, ლოტბარს, კომპოზიტორს, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელს, ანზორ ერქომაიშვილს 10 აგვისტოს 80 წელი უსრულდება.