სალომე ზურაბიშვილი - ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა, ესაა თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა, რომელზეც დგას საქართველო
სალომე ზურაბიშვილი - ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა, ესაა თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა, რომელზეც დგას საქართველო

ხვალინდელ მსოფლიოში ჩვენ ჩვენი თუნდაც პატარა, მაგრამ ღირსეული ადგილი შეგვიძლია, დავიკავოთ, ეს ნიშნავს ჩვენი პოტენციალის გადააზრებას და საზოგადოებისა და ეკონომიკის სწორი მიმართულებით წარმართვას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე განაცხადა, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

მისი თქმით, აღნიშნული ახალი მიმართულებები უკვე იკვეთება – ტურიზმის გადარჩენასთან ერთად, ეს არის სოფლის მეურნეობის წამოწევა, ტრადიციული წარმოებების აღდგენა და მსოფლიო ეკონომიკაში ახალი ინდუსტრიული ნიშების დაკავება.

პრეზიდენტის შეფასებით, ყოველივე ეს ეფუძნება პროფესიონალიზმს, რომელიც არის ხვალინდელი დღის გასაღები.

„სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობისა და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა. ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა, ესაა თანამშრომლობის და მშვიდობის გზა, ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი, ანაქრონიზმია“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი.

„ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვისაც კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და, რომ ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი.

ასევე ამ ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება, რამეთუ როგორც ამ თვეებში გამოჩნდა, უშუალოდ სამხედრო გამოწვევების გარდა, ახალი გლობალური საფრთხეების წინაშეც დავდექით. ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას, ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატო-ს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

„ამავე დროს, ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი სპეციფიკურობა და იდენტობა უნდა შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებად დაზარალდა ეპიდემიის პირველ ეტაპზე. ეს იმასაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, გარემოს, ე.ი. ჩვენს ბიომრავალფეროვნებას, იმას, რაც ჩვენი საგანძურიცაა და მსოფლიოსთვის ძვირფასი საცავიც“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.