სალომე ზურაბიშვილი - აფხაზეთის დაბრუნება არ მოხდება ძალადობით, მოხდება სიყვარულით, დიპლომატიით, მშვიდობიანი გზით, მაგრამ მოხდება
სალომე ზურაბიშვილი - აფხაზეთის დაბრუნება არ მოხდება ძალადობით, მოხდება სიყვარულით, დიპლომატიით, მშვიდობიანი გზით, მაგრამ მოხდება

დღევანდელ ძალიან რთულ სიტუაციაში, აფხაზეთის ენის, კულტურისა და იდენტობის ერთადერთი დამცველი ჩვენ ვართ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მძლავრად შედის რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში, მით უფრო იკარგება ენა და იდენტობა.

„თვითონ აღარ აქვთ ამის საშუალება და რუსეთი რაც უფრო მძლავრად შედის, ენაც იკარგება და იდენტობაც. ის რაღაცები, რაც დღეს აფხაზეთიდან ისმის, არის სწორედ ამის გამოხატულება. ამას უნდა ვაკვირდებოდეთ და ვფიქრობდეთ, მაგრამ პირველ რიგში, მე, როგორც პრეზიდენტს, როგორც კონსტიტუციის დამცველს, კონსტიტუციით მევალება, რომ დავიცვა აფხაზური ენა, რომელიც წერია ჩვენს კონსტიტუციაში, რომ დავიცვა ჩვენი მოსახლეობა და ამას გავაკეთებ მთელი ენერგიითა და საშუალებებით.

მათთან მისვლის გზა უკვე დაწყებულია. ის არაჩვეულებრივი ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მუშაობს, არის, ალბათ, დღევანდელ დღეს ყველაზე ეფექტური ბერკეტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ უნდა მოვნახოთ კიდევ ძალიან ბევრი. ასევე რუხთან, საავადმყოფოს აშენება არის ძალიან სწორი ნაბიჯი და ბევრი ასეთი ნაბიჯი უნდა გადაიდგას აფხაზეთისა და აფხაზების დასაბრუნებლად. ეს დაბრუნება არ მოხდება ძალადობით. ეს დაბრუნება მოხდება ჩვენი სიყვარულით, ჩვენი დიპლომატიით, ჩვენი მშვიდობიანი გზით, მაგრამ, მოხდება”, – განცხადა სალომე ზურაბიშვილმა.