სალომე ზურაბიშვილი ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაშელეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი ჟენევაში ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაშელეს შეხვდა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტმა უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი ვითარება გააცნო და საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებთან დაკავშირებით ირაკლი ბებუას, გენადი ბესტაევისა და გელა გოჭოშვილის შესახებ ისაუბრა.
აღინიშნა გალის რაიონში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის ფაქტი, როგორც ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშანი. საუბარი შეეხოს საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს და პოლიტიკური გარემოს ღრმა პოლარიზაციას, რომელსაც ამძაფრებს და ზრდის ფეიკნიუსები.
საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივ არჩევნებში ქალების არასაკმარისად ჩართულობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე პანდემიის დამარცხებაში მსოფლიო სოლიდარობისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს სრულფასოვანი წვდომა კოვიდ პანდემიასთან ბრძოლის მექანიზმებზე.
უმაღლესმა კომისარმა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა.