სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ინაუგურაციის საბოლოო სცენარი შეთანხმებული ჯერ არ არის
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის სცენარზე მუშაობა გრძელდება. 16 დეკემბრის ცერემონიის მოსამზადებლად შექმნილი სპეციალური კომისიის შეკრების შემდეგ, შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა და კომისიის წევრმა ლაშა ჟვანიამ არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შტაბში გადაინაცვლეს, სადაც შეხვედრა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა, ინაუგურაციის საბოლოო სცენარი ჯერ შეთანხმებული არ არის.
„ინაუგურაცია განვიხილეთ. ვიხილავთ და არ მთავრდება. ჯერ საბოლოო ვარიანტზე არ შევთანხმებულვართ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება სტუმრებს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრებს ის არ ეპატიჟება, თუმცა ოფიციალურ სიაში საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, არიან პარლამენტის წევრები ოპოზიციიდან.
„როგორც უკვე ვთქვი, მე არ ვეპატიჟები. არის ოფიციალური სია, სადაც ყველა არის პარლამენტში მოქმედი ყველა ფრაქცია, უმრავლესობა, უმცირესობა, მათ შორის ოპოზიციის ყველა მთავარი პირი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ინაუგურაციის დღეს თელავში აქციის შესაძლო გამართვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგების არაღიარება და ინაუგურაციის ჩაშლის მცდელობა არადემოკრატიული ნაბიჯია. მისივე თქმით, ოპოზიციის მიერ აქციის შესაძლო გამართვა ინაუგურაციის ცერემონიას ჩრდილს ვერ მიაყენებს.
„რატომ უნდა იყოს ჩრდილი. ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ვინც ამას გეგმავს. ეს არის არადემოკრატიული ნაბიჯი, როცა არ აღიარებ და ცდილობ, ჩაშალო ინაუგურაცია. პასუხისმგებლობა არის მათი. ჩრდილი არ იქნება, მზე იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.