სალომე ზურაბიშვილი - 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ხელისუფლებამ დღესაც უნდა აღასრულოს ერის ნება, სწორედ ამისთვის მოგცათ ხალხმა მანდატი
31 მარტი ჩვენთვის ისტორიულად უაღესად მნიშვნელოვანი თარიღია, როცა ქართველმა ერმა რეფერენდუმით საკუთრი მომავალი გადაწყვიტა. „აღსრულდა ნება ქართველი ერისა“ – ამ სიტყვებით 9 აპრილს ზვიად გამსახურდიამ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. მან შეძლო ამ მიზნის ირგვლივ ერის გაერთიანება და ქვეყნის საკუთარ გზაზე მტკიცედ დაყენება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და ხელისუფლებამ დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება.
„თქვენ წინაშე გამოსვლისთვის სწორედ ეს მეტად სიმბოლური დღე ავარჩიე, რამეთუ საქართველო დღესაც გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დგას. ისევე, როგორც მაშინ ეროვნული ინტერესი ხელისუფლებისგან მოითხოვდა გამბედავი ნაბიჯის გადადგმას, ახლაც ეროვნული ინტერესი მისგან მოითხოვს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანას. 31 მარტს და 9 აპრილს ხელისუფლება ემსახურებოდა ქართველი ხალხის და ქვეყნის ეროვნულ ინტერესს. დღესაც ეროვნული ინტერესი და ხალხის გამოკვეთილი ნება თანხვედრაშია, მიზანიც ნათელია – ეს ევროპული მომავალია. ხელისუფლებამ კი დღესაც უნდა აღასრულოს ქართველი ერის ნება. სწორედ ამისთვის მოგცათ თქვენ ხალხმა მანდატი, სწორედ ამისთვის ხართ აქ, და ამიტომ, მინდა, შეგახსენოთ კონსტიტუციაში თქვენ მიერვე ჩაწერილი მუხლი 78: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა.
„ამიტომ დღეს არ შემიძლია, არ შეგახსენოთ, სად იდექით გუშინ, როცა ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატის შესრულებას შეუდექით.
თქვენ იყავით ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და დააბრუნა ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში. არჩევნებით, მშვიდობიანად, რევანშიზმის გარეშე გადაიბარა ხელისუფლება, შეუდგა სამართლიანობის აღდგენას და ყოფილ პრეზიდენტთან კოჰაბიტაციას (ქვეყნის სახის, დემოკრატიული სისტემის და რეპუტაციის დასაცავად), თავი მოუყარა თითქმის ყველა ოპოზიციურ ძალას და შექმნა მრავალპარტიული მმართველი კოალიცია, გაათავისუფლა ბიზნესი ტერორისა და წნეხისგან, დაუბრუნა მედიასივრცეს პლურალიზმი და სიტყვის სრული თავისუფლება. საგარეო მიმართულებით გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, დაამსხვრია სურათი და წაართვა წინა ხელისუფლებას ერთგვარი მონოპოლია პროდასავლურობაზე.
2012 წელს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო პროევროპული, პოლიტიკური გადაწყვეტილება და პირველი საერთაშორისო ვიზიტი ბრიუსელში განახორციელა.
2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, ხოლო 2016 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია. 2018 წელს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა ჩვენი ევროპული მომავალი.
ამავე წელს, ვფიქრობ, ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურის მხარდაჭერაც ამ ევროპული გზის ნაწილი იყო. 2019 წელს ჩატარდა ბათუმის წარმატებული საერთაშორისო კონფერენცია – „საქართველოს ევროპული გზა“. 2021 წელს კი თქვენ იყავით ის ხელისუფლება, რომელიც ხალხს დაჰპირდა, რომ 2024 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განცახადს გააკეთებდა.
ამ ევროპულ გზას მმართველი პარტია ერთხმად „ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანს“ უწოდებდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები.