სალომე ზურაბიშვილი - 30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა, სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო
30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა, სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახალგაზრდები მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებში მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებებს აღწევენ
„ჩვენ ვიცოდით საქართველოს პოტენციალის, მისი კულტურული რესურსებისა და ზოგადად, მიმზიდველობის შესახებ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ეს ქვეყანა ასე სწრაფად განვითარდებოდა; რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით თუ მსოფლიო რეიტინგებით თავს დაიმკვიდრებდა რეგიონში (და არა მხოლოდ რეგიონში); რომ ჩვენი სპორტსმენები მსოფლიო არენას დაიპყრობდნენ და გავხდებოდით საერთაშორისო მასშტაბის ჩემპიონატების მასპინძლები. ველოდები, რომ 26 მარტს ქართულმა ფეხბურთმა დაგვიდასტუროს თავის ადგილი ამ დარგში. ვერ წარმოვიდგენდით, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში საქართველო, როგორც ღვინის აკვანი, თავს გააცნობდა მსოფლიოს და ეს სტატუსი კითხვის ნიშნისა და ეჭვის ქვეშ არც დადგებოდა; რომ მსოფლიო ტურისტულ რუკაზე იგი თავის კუთვნილ ადგილს მოიპოვებდა. რაც მთავარია, ჩვენი ახალგაზრდები მსოფლიოს უნივერსიტეტებსა და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებში მნიშვნელოვან და საამაყო წარმატებებს აღწევენ. 30 წელიწადში მივიღეთ ახალი თაობა – სრულიად თავისუფალი, უშიშარი და უკომპლექსო. ამ მიღწევებს ვერც ერთი მთავრობა მთლიანად ვერ მიიწერს, ისიც ცხადია, რომ ყველას მიუძღვის წვლილი. ეს მიღწევები საზოგადოების დამსახურებაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.