სალომე ზურაბიშვილი 27 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი 27 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 27 თებერვალს დაიწყება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარებაა.

„პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება კულტურული ურთიერთობების განვითარებაც, რომლის საფუძველსაც ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხებს შორის, წლების განმავლობაში, ჩამოყალიბებული კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები ქმნის“,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი და ილჰამ ალიევი შეხვედრის დეტალებს ჟურნალისტებს ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააცნობენ.

ბაქოში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვთან და პარლამენტის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან.

ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს და საქმიანი წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

საქართველოს პრეზიდენტი ბაქოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.