რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას და ამის აღნიშვნა ხდებოდა გუშინ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი არის პერსპექტივა, საქართველო ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს.
„ეს პროექტი არის პერსპექტივა საქართველოსთვის, ერთადერთი პერსპექტივა, უსაფრთხოების პერსპექტივა, პერსპექტივა იმისა, რომ ქვეყანა ევროპული ერთიანობის, დემოკრატიის ნაწილი იყოს, რის გარეშეც საქართველომ იცის, რომ მარტო რჩება რუსეთის წინაშე. ვფიქრობ, დემოკრატიისა და ევროპასთან ღირებულებების გაზიარების გარდა, მოტივაციაა იმის ცოდნა, რომ საქართველო არ შეიძლება, დარჩეს მარტო, იზოლირებული ამ უფრო და უფრო ტურბულენტურ მსოფლიოში, რომელშიც რუსეთმა აჩვენა და ყოველდღიურად აჩვენებს უკრაინაში, რაოდენ იმპერიალისტურია ის. რუსეთისგან თავის უკეთ დასაცავად საქართველო მაქსიმალურად უნდა მიუახლოვდეს ევროპას და ამის აღნიშვნა ხდებოდა გუშინ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, – „ამ ახალ სტატუსზე ევროკომისიამ გასულ წელს უარი გითხრათ. ბრიუსელმა მოგცათ 12 რეკომენდაცია, რომელთაგან მხოლოდ სამი იყო შესრულებული. როგორ ფიქრობთ, ფავორიტიზმს აქვს ადგილი ბრიუსელის მხრიდან?“ – სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა:
„ასეთი რამ უკვე მომხდარა. არ დავასახელებ ქვეყნებს, სადაც რეკომენდაციები სრულად არ შესრულებულა, მაგრამ, ვფიქრობ, ბრიუსელი აცნობიერებს, რომ, ერთი მხრივ, არის იმ პროგრესის შეფასება, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყო საქართველოში, ასევე არის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც გასათვალისწინებელია. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა (რაც 27 ქვეყნის მიერ დეკემბერში გადაწყდება) საქართველოს წითელი ხაზის მიღმა დატოვებდა, ნაცრისფერ ზონაში, რაც ძალიან საშიში იქნებოდა რეგიონის სტაბილურობისთვის, შავი ზღვის სტაბილურობისთვის და უმიზეზო წახალისება, საჩუქარი რუსეთისთვის. ქართველებისთვის ეს იქნებოდა უდიდესი იმედგაცრუება, რადგან მათ აქვთ განცდა, რომ იმსახურებენ ევროპაში შესვლას მათი წარსულის, ღირებულებების, 30-წლიანი განვლილი გზის გამო. იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს მუდმივად სურდათ ევროპა და ამას აცხადებდნენ ოკუპაციის, 2008 წლის ომის, რუსეთის მხრიდან მრავალი ზეწოლის მიუხედავად. გუშინწინ, ამ შესანიშნავი ამბის გამოქვეყნების წინა დღეს ჩვენ ვგლოვობდით, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ზონაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე მოკლეს რუსული ტყვიით და მეორე მოქალაქე გაიტაცეს. საერთაშორისო მსოფლიოსთვის ეს ჩვეული რამ არის, ჩვენ მუდმივად ამ რეჟიმში ვცხოვრობთ. მიუხედავად ამისა, საქართველო ბანაკს არ იცვლის და ევროპისკენ იყურება, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი ერთადერთი მომავალია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კიდევ ერთ კითხვაზე, – „მოლდოვა უფრო სწრაფად მიიწევს წინ, რადგან მიიღო ევროკავშირის მწვანე შუქი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. გული ხომ არ დაგწყვიტათ ამ დაშორებამ?“ – სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული იმედგაცრუება იყო.
„ეს დაშორება გასულ წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. იყო გარკვეული იმედგაცრუება, მაგრამ ყველამ იცის და აღიარებს, რომ იქ არ ვიქნებოდით, სადაც ვართ, რომ არ ყოფილიყო უკრაინა, უკრაინელების ბრძოლა და, გარკვეულწილად, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც არამარტო ჩვენ ვიღებთ. გუშინ საღამოს დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის და მაია სანდუს, რათა ორივესთვის მიმელოცა და მადლობა გადამეხადა პრეზიდენტ ზელენსკისთვის, რომ, გარკვეულწილად, მან დააჩქარა ეს პროცესი მისი ნებისგან დამოუკიდებლად, რუსეთის აგრესიის შედეგად. საკუთარი, ჩვენი და ევროპის თავისუფლებისთვის მათმა ბრძოლისუნარიანობამ გამოიწვია ის, რომ ვართ იქ, სადაც ვართ უფრო ადრე, ვიდრე ევროპული კალენდრით იყო გათვალისწინებული. მან დააჩქარა ევროპული კალენდარი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შესაძლოა, იხილონ ევოლუცია.
„ჩვენ დემოკრატიულ სისტემაში ვართ, ხალხის ხმა, ხალხის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევკრიბე გუშინ და არამხოლოდ აღსანიშნავად, რადგან არ ვიცოდით, აღსანიშნავი ამბავი იქნებოდა თუ არა. შევკრიბეთ ხელმოწერების კამპანიის დასაწყებად, რათა ევროკომისიისთვის გვეჩვენებინა, რომ საქართველოს მთლიანი მოსახლეობა გულშემატკივრობს ევროპისკენ მიმავალ ამ გზას, რამაც უნდა მიგვიყვანოს 15 დეკემბრამდე, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე. მთავრობები იცვლება და მოსახლეობა რჩება. 2024 წელი არჩევნების წელია, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის თვეში ჩატარდება. შეიძლება, ვიხილოთ ევოლუცია, მაქსიმალურად სტაბილური და მშვიდი, რომელიც მიგვიყვანს კოალიციურ მთავრობასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა: „პრორუსულად მიჩნეულმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი სტატუსი ისტორიული გამარჯვება იყო. ხომ არ გაგაკვირვათ ამან?“ საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა:
„გამახარა. ის დღეს საფრანგეთში იმყოფება და ესწრება მშვიდობის ფორუმს, ხვდება პრეზიდენტ მაკრონს. ამან [განცხადებამ] გამახარა, რადგან ნიშნავს, რომ ევროკომისიამ პოლიტიკურად ძალიან ზუსტი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ეს, გარკვეულწილად, აიძულებს საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას, ერთ ევროპულ სიხშირეზე იყვნენ. ვნახოთ. ვფიქრობ, სტატუსი, რომელსაც, იმედია, წლის ბოლოს მივიღებთ, მონიჭებული იქნება საქართველოსთვის არა როგორც „საბოლოო ანგარიშსწორება“, არამედ როგორც strings attached – უფრო მეტი და უფრო ძლიერი კავშირი ევროპასთან, ევროპის მეტი ჩართულობა. ევროპა უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ეტაპობრივად, შემდეგ ეტაპამდე. დემოკრატიული არჩევნები თუ გვექნება, საშუალებას მისცემს, წარმოიშვას ახალი კოალიცია. ამ შემთხვევაში, შევასრულებთ ყველა პირობას, რომ გავხსნათ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ერთი წელი გვაქვს დაგვიანება უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით, ეს წელი უნდა ავინაზღაუროთ და ამისათვის ევროპა ჩვენ გვერდით უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირში გაწევრიანების პროექტის დასასრულამდე მიყვანის პროცესი.
„ვფიქრობ, პროცესია მნიშვნელოვანი, ის, თუ რას ვგრძნობთ. მოსახლეობამ გუშინ კარგად იგრძნო, რომ ჩვენ ამ გზაზე მარტონი არ ვართ. ეს რთული პროცესია. გაწევრიანებაზე და წევრი ქვეყნის იურიდიულ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანია ევროპულ ოჯახში ყოფნა და ის, რომ გარეთ არ ვიყოთ დატოვებული. ეს არის ფუნდამენტური“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება უკრაინის იარაღით დახმარების საკითხს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ თემაზე მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ აქვს.
„ჩვენ არ ვაწვდით იარაღს უკრაინას ცხადი მიზეზების გამო, სტრატეგიული სიტუაციიდან გამომდინარე. ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს, არის რაღაცები, რისი უფლებაც არ შეგვიძლია, მივცეთ საკუთარ თავს. ამასთან დაკავშირებით მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება არ მაქვს, მაგრამ მე, ისევე როგორც მოსახლეობა, უფრო ღიად ვუცხადებ სოლიდარობას უკრაინას, რაც მიმაჩნია, რომ აუცილებელია, რადგან ჩვენ გვაქვს მსგავსი ისტორია, წარსული და დარწმუნებული ვარ, გვექნება ერთნაირი მომავალი ევროპაში. ეს სოლიდარობა აუცილებელია და თუ ჩამოხვალთ თბილისში, სოლიდარობას ყველგან დაინახავთ უკრაინული დროშების სახით, რომლებიც ისევე მრავლადაა, როგორც ქართული და ევროპული დროშები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა, რა აზრის არის ამის შესახებ და მოუწოდებს თუ არა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისკენ.
„მე არაფრისკენ არ მოვუწოდებ. ეს არ არის ჩემი როლი. მე განადგურებული ვარ მიმდინარე მოვლენებით. ჩვენ საუკუნოვანი სოლიდარობა გვაკავშირებს ისრაელთან და კარგად გვესმის, რომ ისრაელი გრძნობს მუქარას და მისი ტერიტორიის შენარჩუნება, სუვერენულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ტერორიზმი დაუშვებელია. ამავდროულად, ჰუმანიტარული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ, არის ტრაგიკული, დრამატული და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს დრამატული სიტუაციები. ყოველდღიურად ვხედავთ ვითარების დამძიმებას და, ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა იპოვოს გამოსავალი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.