სალომე ზურაბიშვილი - 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამოვრიცხავ
2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამოვრიცხავ, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ვნახოთ, რა როგორ იქნება. ცხოვრებაში არასდროს არაფერს არ გამოვრიცხავ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ცდის თუ არა ის ბედს კიდევ ერთხელ.
სალომე ზურაბიშვილმა ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია აბსოლუტურ კონსენსუსს არ მოითხოვს.
„ეს აბსურდია. იმიტომ არსებობს კონსტიტუციური უმრავლესობა, რომ კონსტიტუციური ცვლილებები და ახალი კონსტიტუციები მიიღოს. არ არსებობს ისეთი კონსტიტუცია, სადაც ყველა ყველაფერში თანხმდება. ახალი კონსტიტუცია ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია სახელმწიფო მოწყობის, ადამიანის უფლებების, საგამოძიებო და სასამართლო სისტემის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ ყველაფერზე თანახმა მეც არ ვარ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ის მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრე არ არის.
„ყველამ იცის, რომ მე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრე არ ვარ. მაჟორიტარული სისტემა ბევრ ევროპულ ქვეყანაში გავრცელებული ფორმაა. ეს დემოკრატიული სისტემაა, რადგან არჩეულ დეპუტატსა და ამომრჩეველს შორის მეტი სიახლოვეა. პროპორციული სისტემის შემთხვევაში, გადაწყვეტილება პარტიის შიდა სტრუქტურებში მიიღება და მაგალითად, სიაში ბევრი ისეთი ადამიანია, რომლის შესახებაც არავინ არაფერი არ იცის – ვინ არის, იქ როგორ მოხვდა და ასე შემდეგ. ამაზე პასუხი აქვთ ხოლმე, რომ მაჟორიტარებს ფული აქვთ და პარლამენტში ამიტომ შედიან. ეს შესაძლოა, მანკიერი ფორმა იყოს, მაგრამ იგივე მანკიერი ფორმა სიის შემთხვევაშიც არსებობს“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატისთვის პარლამენტში მუშაობა რთულია, მაგრამ დამოუკიდებლობას თავისი ძალა აქვს.
„ბუნებრივია, მირჩევნია, ჩემი ფრაქცია მქონდეს, მაგრამ რომელიმე ფრაქციის წევრი ვერ ვიქნები მხოლოდ იმისთვის, რომ ფრაქციის წევრი ვიყო. ამ პირობებში კონსტიტუციაში ჩემი ინიციატივით შევიტანეთ ცვლილება, რომელიც მიმაჩნდა, რომ არა ჩემთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე აბსოლუტურად მარტომ ვიმუშავე, ვიპოვე მოკავშირეები და როგორც ჩანს, უმრავლესობა დამეთანხმა, რადგან საკითხი კონსტიტუციის ბოლო ვერსიაში შეიტანა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.