საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 იანვარს გურიის რეგიონს ეწვევა.
პრეზიდენტი რეგიონში სამი დღით ჩადის. დაგეგმილია მისი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, ლანჩხუთის საფეხბურთო აკადემიაში – სპორტსმენებთან და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში – ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლებთან. პრეზიდენტი რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნობა.
14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს სალომე ზურაბიშვილი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს. ის სახელმწიფო დროშას ერისთავების ციხე-სიმაგრეზე აღმართავს და საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.
ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით კი, 14 იანვარს პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა, რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა და ქართულ საზოგადოებას თეატრის დღეს მიულოცავს.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრება, სადაც ღონისძიებას – „კალანდა 2020“ დაესწრება და ოზურგეთის რეაბილიტირებულ პირველ საჯარო სკოლას დაათვალიერებს.
გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საშობაო სპექტაკლზეც მივა, რომელიც ადმინისტრაციის მხარდაჭერით, რეგიონში ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისთვის ჩატარდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისთვის 19-20-21 დეკემბერს საბავშვო სპექტაკლები ჩატარდა ასევე თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში. საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული კი, 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებას გადაეცა.