სალომე ზურაბიშვილი - 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს
სალომე ზურაბიშვილი - 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს

12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ვინაიდან ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები, იმიჯი დაცული, გამყარებული ყოფილიყო ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, აქტიურად ჩაერთოს პროცესში, რათა ხელი შეუწყოს ერთიან, კონსოლიდირებულ მუშაობას და აღნიშნა, რომ „ყველამ ერთად ისეთი რეალური შედეგი დავდოთ, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვიტანს“.

„სრულად მაქვს გააზრებული პრეზიდენტის ინსტიტუტის ძალა, ზუსტად ვიცი, რომ ახლა დაყოფის და დაპირისპირების დრო არაა. ვაპირებ, რომ სრულიად გამოვიყენო ჩემი ყველა შესაძლებლობა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული და აღსრულდეს ხალხის ნება. ეს მოითხოვს ქვეყნის სრულ კონსოლიდაციას და გაერთიანებას. დღეს ყველანი ვართ არჩევანის წინაშე, ხელისუფლებას, რომელსაც კვლავ აქვს შანსი დაუბრუნდეს თავის მანდატს, საზოგადოებას, რომელმაც უნდა შეინარჩუნოს სტაბილურობა, რომლის გარეშეც ჩვენ ყველანაირ შანს ვკარგავთ. თავის მოტყუება აღარ შეიძლება!

ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. დღეს მოვისმინეთ სრულად ეს ფორმალური შესრულება. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალაქო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს. რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ.

ვინაიდან აქამდე ვერ მოხერხდა, რომ საქართველოს ევროპული პოზიციები და იმიჯი დაცული, გამყარებული ყოფილიყო ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, აქტიურად ჩავერთო ამ პროცესში და ხელი შევუწყო ერთიან და კონსოლიდირებულ მუშაობას და ყველამ ერთად ისეთი რეალური შედეგი დავდოთ, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მოგვიტანს. ამ პასუხისმგებლობას ვიღებ იმიტომ, რომ ვარ ყველას პრეზიდენტი და არ წარმოვადგენ არც ერთ მხარეს, თუ არა ქართველი ხალხის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.