სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის თემაზე არასამთავრობოებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას 40 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრას ასევე ესწრება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია.
კონსულტაციების თემა ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებია, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა ხვალ უნდა წარადგინოს.
შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირმა პავლიაშვილმა.
„იმდენად ფორსირებულ რეჟიმში წარიმართა პროცესი, ჩვენ არ გვყავს კონკრეტული კანდიდატი, რომელზეც შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, მოვისმენთ პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ კანდიდატურებზე ფიქრობს შეჯერებას და ჩვენს პოზიციას წარმოვადგენთ“, – აღნიშნა ირმა პავლიაშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული კანდიდატურა იყოს პრინციპული და მას აფილირება არ ჰქონდეს რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებასთან.
„როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზეა საუბარი, ის სწორედ პროფესიული ნიშნით უნდა ირჩეოდეს. შესაბამისად, ჩვენს მოსაზრებებს ამ მოცემულობიდან გამომდინარე წარვადგენთ. რაც შეეხება უშუალოდ თამარ ჟვანიას კანდიდატურას, ამ პროცესის შეფასების კუთხით თუ შევხედავთ, წინა მოწვევის შემთხვევაში იყო წარმატებული ნაბიჯებიც, ასევე გარკვეული გამოწვევებიც. ამიტომ ერთიანობაში უნდა დავინახოთ, რომელი კანდიდატურების წარდგენა მოხდება და შესაბამისად, ვიმსჯელებთ ერთიანობაში“, – განაცხადა ირმა პავლიაშვილმა.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელის, ვლადიმერ ბოჟაძის თქმით, ის კვლავ ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას კანდიდატურას დააყენებს. მისივე განცხადებით, კრიტერიუმი, რომლითაც კანდიდატები უნდა შეირჩნენ, არის ნდობა და რეპუტაცია, რადგან წინ არის საპარლამენტო, თვითმმართველობის არჩევენები და ისინი მაღალ დონზე უნდა ჩატარდეს.