„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სახელზე მნიშვნელოვანი წერილი მიიღო სენატის წევრ როჯერ ვიკერისგან.
„რადგანაც ხელისუფლებამ არ გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მიღებული აქვს გახარიას სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან, საჭიროდ ვთვლით, საზოგადოებას ამ წერილის შინაარსი გავაცნოთ. წერილის ავტორი არის სენატის წევრი როჯერ ვიკერი, რომელიც არის შეიარაღებული ძალების კომიტეტისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრი აშშ-ის სენატში, ფაქტობრივად იმ კომიტეტების წევრი, რომლებიც განაგებს საქართველოსთვის სამხედრო დახმარებისა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებს. ის არის ჰელსინკის კომისიის წევრიც. ეს არის უმაღლესი ორგანო აშშ-ში, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას სხვა სახელმწიფოებში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჰელსინკის კომისიის წევრი მიმართავს წერილით გახარიას. ხელისუფლებამ წერილი გადამალა, რადგან აღნიშნულ კომუნიკაციაში პირდაპირ არის საუბარი ბიძინა ივანიშვილსა და მის როლზე პოლიტიკური ოპოზიციის სამართლებრივ შევიწროებასა და დევნაში.
სენატორი აცხადებს, რომ მისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომ კიდევ არაერთი პოლიტიკოსი აღმოჩნდება ციხეში და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ფაქტობრივად ციხით ემუქრება ოპონენტებს, მაშინ როდესაც მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერების, ისეთების, როგორებიც არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, წერილში, რომელიც გასული წლის დეკემბრით თარიღდება, სენატორი გიორგი გახარიას მოუწოდებს, უახლოეს მომავალში განიხილოს საარჩევნო სისტემაში ცვლილების უზრუნველყოფა.
„ეს წერილი ჩვენ მოგვაწოდეს, რადგან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ჩვენი საზოგადოება იყოს ინფორმირებული იმაზე, თუ რა ხდება საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
2019 წლის 19 დეკემბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც სალომე სამადაშვილის თქმით, სენატორმა, როჯერ ვიკერმა პრემიერ გიორგი გახარიას გამოუგზავნა, ნათქვამია:
„როგორც საქართველოს რესპუბლიკის ძლიერი მოკავშირე, მოხარული ვარ ბოლო 16 წლის განმავლობაში თქვენი ქვეყნის მიღწევებისა და წარმატებების ხილვით. ვარდების რევოლუციის შემდეგ ინსტიტუტების გასაძლიერებლად გადადგმულმა კონკრეტულმა ნაბიჯებმა, მათ შორის სასამართლო რეფორმების რამდენიმე რაუნდმა და ენერგიულმა და ჩართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ თქვენი ქვეყანა ყოფილ საბჭოთა კავშირიდან აღმოცენებულ ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ რესპუბლიკად აქცია. ვიცი, რომ იზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს საქართველოში დემოკრატიული წარმატების გაგრძელებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ გწერთ, რათა შეშფოთება გამოვთქვა ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. გასულ თვეში, პარლამენტის წევრებმა პარტია „ქართული ოცნებიდან“ ვერ შეასრულეს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შესახებ მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც 2020 წლის ეროვნულ არჩევნებზე სრული პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას ისახავდა მიზნად. აღნიშნულ საარჩევნო ცვლილებებს ჰქონდა ფართო მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით, ხოლო დემოკრატიის საერთაშორისო ადვოკატები მათ მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ საქართველოს მრავალპარტიული დემოკრატიის გასაძლიერებლად. სამწუხაროდ, შესწორებების მოულოდნელი ჩავარდნა უკვე აზარალებს საზოგადოების ნდობას მომავალი წლის არჩევნების სამართლიანობისადმი. ასევე, შეშფოთებას იწვევს, რომ სისხლის სამართლის დევნის ბოლოდროინდელმა ტალღამ შექმნა პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების დევნის შთაბეჭდილება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებებმა, რომელიც, როგორც ჩანს, ემუქრება პოლიტიკურ ოპოზიციას დაპატიმრებით, ისეთი ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, როგორებიც არიან გიგა ბოკერია და ნიკა მელია, გააღრმავა შეშფოთება სასამართლო საქმეების დროსა და გარემოებებთან დაკავშირებით.
გასულ კვირას „ქართული ოცნების“ მიერ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის უვადოდ ცალმხრივად დანიშვნამ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანის სამართლებრივ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობდა, კანონის უზენაესობისადმი საზოგადოების ნდობა კიდევ უფრო შეამცირა. დამტკიცებული მოსამართლეების ეს დიდი რაოდენობა, როგორც ჩანს, გადააჭარბებს „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა იმ რაოდენობას, რომელიც აბსოლუტურად საკმარისია უზენაესი სასამართლოს მუშაობის უზრუნველსაყოფად“, – სტანდარტი, რომელიც რეკომენდებული იყო ვენეციის კომისიის მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესისადმი საზოგადოების ნდობასთან დაკავშირებით.
მაშინ, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლები რჩება, მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, სწრაფად იმოქმედონ ისეთი საარჩევნო სისტემის მისაღებად, რომელსაც ექნება საზოგადოების ფართო მხარდაჭერა და რომელიც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარ პირობებს. თუ ეს ზომები არ იქნება განხორციელებული, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დონემ შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს მომავალი წლის არჩევნების ლეგიტიმურობასა და ქვეყნის გაუარესებულ სასამართლო სისტემას. როგორც ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხანგრძლივი ჩემპიონი, ვისურვებდი, ვიხილო, რომ საქართველო განაგრძობს სვლას როგორც თავისუფალი და აყვავებული საზოგადოება, რომლის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები სრულად არის უზრუნველყოფილი. თანამშრომლობის ამ სულისკვეთებით, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ სერიოზულად გაითვალისწინებთ ამ შეშფოთებას და უზრუნველყოფთ ყველა ქართველისთვის სიტყვის, პრესის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას, რაც შეესაბამება საქართველოს, როგორც ეუთო-ს წევრი ქვეყნის ვალდებულებებს“.