სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა - კანონპროექტის მოქმედების ვადა იქნება ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე
სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა - კანონპროექტის მოქმედების ვადა იქნება ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს კანონიერი, იურიდიული არგუმენტი იმ ცვლილებების მისაღებად, რომელსაც დღეს უმრავლესობა სთავაზობს საკანონმდებლო ორგანოს.

„ვინ საუბრობს დღეს აქ, ამ დარბაზში ნდობაზე და იმაზე, რომ ჩვენ, საზოგადოება იმდენად უნდა ვენდოთ „ქართულ ოცნებას“, რომ მივიღოთ კონსტიტუციის საწინააღმდეგო კანონი და გადავცეთ ჩვენს უფლებებზე და თავისუფლებებზე განკარგვის უფლება არავის სხვას, თუ არა ბატონ გახარიას. იმ გახარიას, რომლის გადადგომასაც ითხოვდა ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე რამდენიმე თვის წინ, ამ შენობის წინ, რადგან მისი ხელმძღვანელობით დაარბიეს ჩვენი მოქალაქეები. ვის გვთხოვთ რომ ვენდოთ? თქვენ, ბატონო ხუნდაძე, ლიდერს იმ სპექტაკლის, რომელიც აქ, ამ დარბაზში დაიდგა ნოემბერში, როდესაც მორიგ ჯერზე მოატყუეთ საკუთარი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩააგდეთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც შეპირდით ქართველ ხალხს. თქვენ უნდა გენდოთ? ის, ვინც პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა, რომელიც რვა თვე გრძელდება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივედით შესაძლო შეთანხმებამდე 8 მარტს. შეთანხმებამდე, რომელიც თქვენ კიდევ ერთხელ დააპირეთ, წუწკად წაგცდათ ხელი ხალხის მოსატყუებლად და დააპირეთ ამ შეთანხმების ჩაშლა. არ გამოგივიდათ. არ გამოგივათ არც მომავალში. ხომ გაათავისუფლეთ ციხიდან ორი პოლიტპატიმრები. ვის გვთხოვთ რომ გენდოთ“,- მიმართა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობას.

მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში პირველად, ევროპარლამენტის, კონგრესისა და სენატის ტრიბუნიდან ამბობენ, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები.

„თქვენი ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული პოლიტპატიმრები. დღეს ციხეში რჩება კიდევ ერთი პოლიტპატიმარი. მისი სახელია გიორგი რურუა. გიორგი რურუა უნდა გამოვიდეს ციხიდან უახლოეს მომავალში, თუ თქვენ გსურთ, რომ გამოხვიდეთ იმ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც შესული ხართ ეკონომიკურ კრიზისთან ერთად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ასობით ათასი მოქალაქე არის დარჩენილი ყველანაირი შემოსავლის და დახმარების გარეშე, მათთვის არაფერი კეთდება.

„თქვენ უნდა გენდოთ? ორი თვე საგანგებო მდგომარეობა, გამოიყენეთ, რათა საკუთარი, თქვენთან დაკავშირებულ ბიზნესებს კარგად მოეთობოთ ხელი. გამოიყენეთ, რათა დაჩქარებულად მიგეღოთ სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირად პროექტებს უკავშირდება. დღეს ეს ხალხი მოხვედით საქართველოს წარმომადგენლობით ორგანოში, რომელიც ორი თვე გაუქმებული გქონდათ. მოიტანეთ არაკონსტიტუციური კანონპროექტი და გვთხოვთ, რომ მხარი დავუჭიროთ ამ არაკონსტიტუციურ კანონპროექტს, თურმე გაქვთ საზოგადოების ჭარბი, გადაჭარბებული ნდობა. არავის ნდობა არ გაქვთ, ბატონებო და ქალბატონებო, არც საზოგადოების, არც საერთაშორისო თანამეგობრობის და სწორედ ამიტომ, დღეს ამ კანონპროექტს არათუ წინააღმდეგ მივცემთ ხმას, არამედ დავიწყებთ პროცესს ამ კანონპროექტის არაკონსტიტუციურად გამოცხადების და ეს იქნება კიდევ ერთი კარგი მაგალითი, როგორ აპირებს დღეს, რუსული ოლიგარქიული რეჟიმი, რომლის წარმომადგენლებიც აქ სხედხართ უმრავლესობის ფლანგში, გამოიყენოს კორონა პანდემია საკუთარი, გაკოტრებული პოლიტიკური ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყანაში. მაგრამ ამის უფლება რა თქმა უნდა, თქვენ არ მოგეცემათ. მოგიწევთ პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება ციხიდან, მოხსნა პოლიტიკური წნეხის, რომ მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება და ამის შემდგომ, საარჩევნო ცვლილების მიღება, რომლის საფუძველზეც, ამ ქვეყანაში ჩატარდება არა ისეთი არჩევნები, ევროპა რომ გააოცოს, ჩვენ არ გვაქვს ასეთი მაღალი პრეტენზიები, უბრალოდ თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები გვინდა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც აუცილებლად დასრულდება ქვეყანაში არსებული ხელისუფლების ძალაუფლების გასტუმრებით.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტს დღეს აუცილებლად მიიღებთ, ისევე როგორც ასრულებთ მორჩილად, ყველა მითითებას, რასაც გაძლევთ გახარია და ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ დიდი დღე ამ კანონპროექტს არ უწერია. მერწმუნეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უფრო შემაშფოთებელი იქნებოდა, რადგან კანონპროექტის მოქმედების ვადა იქნება ბევრად უფრო მოკლე, ვიდრე თქვენი პოლიტიკური სიცოცხლე. მინდა, დღეს ერთი რამ გითხრათ – კიდევ დაფიქრდით კარგად, კანონპროექტს მხარი უნდა დაუჭიროთ თუ არა. მე არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი სად იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ ყველა თქვენგანს, უმრავლესობას ამ ქვეყანაში მოუწევს ცხოვრება“, – მიმართა სალომე სამადაშვილმა უმრავლესობას.