სალომე სამადაშვილმა ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოინახულა.
როგორც სამადაშვილმა დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, ნიკა მელიასთან მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრეს, თუმცა მას დეტალები არ დაუზუსტებია.
სამადაშვილის თქმით, ნიკა მელიას პოზიციაა, რომ ოპოზიციამ ერთიანობა შეინარჩუნოს.
„ნიკა არის ძალიან მხნედ და კმაყოფილი იმით, რომ გიორგი რურუა გათავისუფლდა. მას მიაჩნია, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ შეინარჩუნოს ერთიანობა. მასთან ვისაუბრე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ასევე, როგორ შეიძლება ამ შეთანხმების გამოყენება ყველაზე პოზიტიურად, როგორც ნიკას გასათავისუფლებლად, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად. იმედი მაქვს, ძალიან მალე ვნახავთ ნიკასაც, რომელიც თავისუფალი და ღირსეული გამოვა. ჩვენ ვისაუბრეთ მოვლენების სხვადასხვა განვითარებაზე. დაველოდოთ განვითარებას. მისი გზავნილია, რომ უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა. მას მიაჩნია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავძლიოთ ყველა უთანხმოება, რათა დავიწყოთ მზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის.
ვფიქრობ, ნიკამ ძალიან კარგად იცის, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, იყო ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე შეიძლება, ჩემი შეფასება ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად საუკეთესო გზაზე ყოველთვის არ ემთხვეოდეს მისას“, – აღნიშნა სამადაშვილმა.