სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტის დროს ევროპელი პარტნიორების წინაშე პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად მიიღებენ
სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტის დროს ევროპელი პარტნიორების წინაშე პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას აუცილებლად მიიღებენ

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ გასულ კვირას სტრასბურგში ვიზიტის დროს ევროპელი პარტნიორების წინაშე პირობა დადო, რომ საკონსტიტუციო ცვლილება აუცილებლად იქნება მიღებული.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, ქვეყნის პარტნიორებისთვის სერიოზული საკითხი იქნება, თუ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებს გადახედავს და მას რევიზიას გაუკეთებს.

„საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ და შიდა ოპოზიციური კონსულტაციები გრძელდება, რომ უზრუნველვყოთ ცვლილებების ისე მიღება, როგორც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული“, – განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით არის მიღებული, რომელიც საარჩევნო ბარიერის 5-დან 2 პროცენტამდე შემცირებას და სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს. „ქართული ოცნება“ ცვლილებების თაობაზე ოპოზიციისგან არგუმენტების წარდგენას ითხოვს და აღნიშნავს, რომ მათი მხრიდან ცვლილებების მხარდაჭერა კეთილი ნებაა და არა რაიმე ვალდებულება.