გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერთან დაკავშირებით, სალომე სამადაშვილი ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ზურაბ აბაშიძეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე იბარებს. ამის მიზეზად სამადაშვილი აბაშიძე-კარასინის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ასახელებს, რომელიც გუშინ გავრცელდა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სამადაშვილმა განაცხადა, გუშინ საზოგადოებამ მოისმინა, როგორ აძლევს დავალებას რუსეთის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირად წარმომადგენელს და როგორ გასცემს დავალებებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს ახალი პროექტები რუსეთისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნების გასაფართოებლად.
„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ზუსტად ასევე, მაგრამ ბევრად უფრო მკაცრ ტონში მიიღო საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ მითითება, რომ ჩაშლილიყო დასავლეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტი იყო. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მითითებით შლის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ქვეყნისთვის და დასავლეთისთვის, მაგრამ ახორციელებს იმ პროექტებს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს პუტინის რეჟიმისთვის. რუსეთი დღეს არის სანქციების ქვეშ და სანქციების თავის არიდებისთვის მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოს თანამონაწილეობით სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და ამაში მათი მოკავშირე არის სწორედ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, როგორც ამ ჩანაწერიდან იკვეთება, სადაც ზემდგომი ესაუბრება საკუთარი ქვეშევრდომის წარმომადგენელს, ვგულისხმობ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილს, რადგან აბაშიძეს არავინ ეკითხება არანაირი გადაწყვეტილების მიღებას, ის უბრალოდ შუამავალია რუსეთსა და ივანიშვილს შორის“, – განაცხადა სამადაშვილმა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. მოგვიანებით ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ გრიგორი კარასინთან საუბარი შედგა გასული წლის ივნისში და საუბრის თემა ყაზბეგი-ლარსის მიმართულებით შექმნილ რთულ ვითარებას შეეხებოდა.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბარის ჩანაწერი გავრცელდა. გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბარია კრასნოდარის მხრიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარცხენა მხარეს სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე.
მოგვიანებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერში სასკანდალოს ვერაფერს ხედავს. მისივე თქმით, გრიგორი კარასინთან საუბარი შედგა გასული წლის ივნისში. „ჯერ ვერ მივხვდი, რა არის ჩანაწერში სასკანდალო, როცა საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით ფორსმაჟორული სიტუაციაა, ერთმანეთს ყოველთვის ვუკავშირდებით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“, – აცხადებს აბაშიძე.