სალომე სამადაშვილი - ზელენსკის ცხადად ესმის, რომ ხელისუფლება, რომელიც პუტინის სურვილების ასრულებით არის დაკავებული, ვერავის მოკავშირე ვერ იქნება, გარდა უკრაინის მტრისა
მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი და ამით აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს უკრაინა სააკაშვილის საკითხს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ეს ასახავს იმ რეალობას, რომ სააკაშვილი რუსეთის დღევანდელი კრიმინალური რეჟიმის მიერ პირად მტრად არის გამოცხადებული.
„ყველას გვახსოვს დაპირებები და მუქარა ვლადიმერ პუტინისგან სააკაშვილის სიცოცხლის განადგურებასთან დაკავშირებით. ზელენსკის ცხადად ესმის, რომ ხელისუფლება, რომელიც პუტინის სურვილების ასრულებით არის დაკავებული, ვერ იქნება ვერავის მოკავშირე, გარდა უკრაინის მტრისა და რუსეთის სახელმწიფოსი. ეს თქვა გუშინ ზელენსკიმ და ეს არ არის მხოლოდ პიროვნული მხარდაჭერის გამოცხადება სააკაშვილისთვის, ეს არის გეოპოლიტიკური პოზიციონირება, რომელიც გუშინ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, რომელსაც უსმენს მთელი მსოფლიო და რომელიც იბრძვის დღეს თავისუფალი სამყაროს ინტერესების დასაცავად საკუთარ ხალხთან ერთად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს.