სალომე სამადაშვილი - ყველას კარგად ესმის, რომ პრობლემები შეთანხმების გზით უნდა მოვაგვაროთ, ამ თვალსაზრისით მედიატორებთან გვაქვს სრულიად ჰარმონიული ხედვა
ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორი მედიატორებს, რომ შეთანხმების გზით უნდა მოვაგვაროთ ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პრობლემები, ამ თვალსაზრისით გვაქვს სრულიად ჰარმონიული ხედვა მედიატორებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა პოლიტპატიმრების საკითხია.
„გვქონდა საუბარი იმ ერთ-ერთ მთავარ თემაზე, რაც არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულების პრობლემები, ეს იყო დღევანდელი შეხვედრის კონკრეტული თემა. ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმით ჩვენს მედიატორებს, რომ შეთანხმება უნდა შედგეს ყველა პუნქტთან მიმართებაში, რაც არის მიშელის გეგმაში. პოლიტპატიმრების თემა არის ერთ-ერთი მთავარი თემა და დღეს ამაზე გვქონდა დეტალური საუბარი. საუბარი იყო ასევე ზოგადად იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყანა რეგიონალურ კონტექსტში და რამდენად სახიფათო იქნება ჩვენი სახელმწიფოსთვის, თუ ეს შეთანხმება ვერ შედგა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა.
ყველას ძალიან კარგად ესმის, მათ შორის ჩვენს მედიატორებს, რომ შეთანხმების გზით უნდა მოვაგვაროთ ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პრობლემები. ანუ შეთანხმება კი არ არის თვითმიზანი, არამედ შეთანხმება არის საშუალება იმისთვის, რომ გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის ჩვენს სახელმწიფოს. დიახ, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით უქმნის ძალიან სერიოზულ გამოწვევას ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სრულიად ჰარმონიული ხედვა მედიატორებთან და მათთვის ჩვენი აღქმა რეალობის გასაგებია, დანარჩენი გამოჩნდება შემდგომ პროცესში “,- განაცხადა სამადაშვილმა.