სალომე სამადაშვილი - ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ მისმა შვილმა თავისუფალ ქვეყანაში უნდა იცხოვროს, პლენარული სხდომის დღეს, როცა რუსული კანონის დამტკიცება იგეგმება, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ
ყველა მოქალაქე, ვისაც მიაჩნია, რომ მისმა შვილმა თავისუფალ ქვეყანაში უნდა იცხოვროს, პლენარული სხდომის დღეს შევიკრიბოთ პარლამენტის წინ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონი შეუძლებელს გახდის საქართველოს დაცულ, ევროპულ მომავალს.
„მინდა, დღეს მივმართო ჩვენს საზოგადოებას და საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს, იცხოვროს თავისუფალ, ევროპულ სახელმწიფოში. ვნახეთ, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი „ქართული ოცნების“ სახით აპირებს, დაამტკიცოს პირველი მოსმენით რუსული კანონი. კანონი, რომელიც შეუძლებელს გახდის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მინდა, ყველას ესმოდეს, ამ კანონის მიღება ნიშნავს დასრულებას ყველა ჩვენი გეგმის, რაც შეეხება ევროკავშირში ამ ქვეყნის მომავლის უზრუნველყოფას და სწორედ ამიტომ არის ეს რუსული კანონი. ეს კანონი გამოიწვევს განხეთქილებას და დაპირისპირებას საზოგადოებაში, რაც არის ასევე რუსეთის გეგმა. ამიტომ „ლელო“ გამოდის ინიციატივით, გავერთიანდეთ მთელი საზოგადოება, ყველა მოქალაქე, ვისაც მიაჩნია, რომ მისმა შვილმა თავისუფალ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და პლენარული სხდომის დღეს, როდესაც რუსული კანონის დამტკიცებას გეგმავს „ქართული ოცნება“, შევიკრიბოთ პარლამენტის წინ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ხმამაღლა ვუთხრათ ყველას, მთელ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, თავისუფლება. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს ქვეყანა დავუთმოთ რუსულ საოკუპაციო რეჟიმს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული კანონი არ შეეხება მოქალაქეების მხოლოდ რომელიმე ჯგუფს.
„ეს კანონი შეუძლებელს გახდის ამ ქვეყნის დაცულ, ევროპულ მომავალს. შეუძლებელს გახდის ჩვენს მშვიდ ცხოვრებას და ყველას, ვისაც თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება უნდა, მოუწევს ქვეყნიდან წასვლა ემიგრაციაში. არ გაწიროთ საკუთარი შვილები ემიგრაციისთვის, არ გაწიროთ საკუთარი თავი იმისთვის, რომ დაბრუნდეთ იქ, საიდანაც გამოვედით 30 წლის წინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. შესაბამისად, აქციაზე, ვფიქრობ, უნდა მოვიდეს ყველა ადამიანი, ვისაც შეიძლება, არ მოსწონს რომელიმე პოლიტიკური პარტია, შეიძლება, ვერ ხედავს დღეს პოლიტიკაში, რა შეიძლება, შეიცვალოს. ვეპატიჟებით ყველა აქტორს, მოქალაქეს, ყველა საზოგადოებრივ ჯგუფს. პლენარული სხდომის დღე როდესაც გვეცოდინება, მაშინ ოფიციალურად გაცხადდება თარიღი ამ აქციის, რომელიც იქნება აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ“, – განაცხადა სამადაშვილმა.