სალომე სამადაშვილი - ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და დემოკრატიის გადასარჩენად, ჩვენთვის პოტენციური პარტნიორია
სალომე სამადაშვილი - ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და დემოკრატიის გადასარჩენად, ჩვენთვის პოტენციური პარტნიორია

ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და დემოკრატიის გადასარჩენად, ჩვენთვის პოტენციური პარტნიორია, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილს კითხვა დაუსვეს პარტიის შესაძლო თანამშრომლობაზე დავით კეზერაშვილთან.

როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, „ლელოს“ დღის წესრიგია პარტიული გაძლიერება.

„ძალიან ნათლად როდესაც ვხედავთ, რომ მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგია, ქვეყანა საბოლოოდ ჩამოაშოროს ისტორიულ არჩევანს, რომელიც დიდი ხნის წინ გააკეთა ქართველმა ხალხმა, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირისა და თავისუფალი სამყაროს ნაწილი, ჩვენი ამოცანაა ამ რეჟიმის დამარცხება და „ქართული ოცნების“ ერთპარტიული მმართველობის პროდასავლური დემოკრატიული კოალიციით ჩანაცვლება, რათა ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავალი გადარჩეს.

ხაზგასმით მინდა, ვთქვა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც იბრძვის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის გადასარჩენად, ცხადია, ჩვენთვის პოტენციური პარტნიორია. ამავე დროს, „ლელოს“ აქვს საკუთარი დღის წესრიგი. ეს არის ჩვენი პარტიული გაძლიერება და რაც შეიძლება მეტი ადამიანის დარწმუნება, რომ სწორედ „ლელოს“ აქვს შეთავაზება საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან დაიღალა ბიპოლარული პოლიტიკური სისტემით, რომელსაც ქვეყანა ჩიხში შეჰყავს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.