„ლელო“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე პარლამენტში მსჯელობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს
„ლელო“ ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე პარლამენტში მსჯელობის დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვს

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტმა ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით მსჯელობა უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ.

„ხუთი დღეა, ჩვენი საზოგადოება, მთელი ქვეყანა, ქალაქი გლოვობს ბავშვის სიცოცხლეს, რომელიც გახდა მსხვერპლი, ისევე, როგორც არაერთი სხვა ადამიანი გახდა მსხვერპლი მთავარი ბოროტების, რაც საზოგადოებას სჭირს. ეს არის კორუფციის პრობლემა.

კორუფცია, რომლის აყვავებასაც პირდაპირ ხელი შეუწყო  „ქართულმა ოცნებამ“ მისი მმართველობის 10-წლიან პერიოდში. კორუფცია, რომელიც ართმევს ჩვენს ბავშვებს შანსს, იცხოვრონ ნორმალურ ქვეყანაში, ჰქონდეთ მომავალი. კორუფცია სახიფათოა ადამიანების სიცოცხლისთვის.

არ შეიძლება, რეაგირების გარეშე დავტოვოთ ეს. მათ შორის არ შეიძლება, პარლამენტმა, რომელიც უნდა ზრუნავდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები უაზროდ არ იღუპებოდნენ, ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცული, გადადგას ნაბიჯები, რათა დავამარცხოთ სიმსივნე, რაც ჩვენს საზოგადოებას სჭირს, კლავს. ამას ჰქვია კორუფცია.

მსურს, საზოგადოებას შევახსენო, რომ თითქმის ერთი წლის წინ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა დააინიცირა საკანონმდებლო ინიციატივა, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. დღემდე, ერთი წლის განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ არც კი ჩათვალა საჭიროდ, რომ ეს ინიციატივა განიხილოს, მაშინ, როდესაც კორუფცია კლავს ადამიანებს, და მაშინ, როდესაც ევროკავშირი გვეუბნება, რომ თუ კორუფციას არ ვებრძოლეთ, ამ ქვეყანას ევროკავშირში მომავალი არ აქვს. „ქართული ოცნება“, რომელიც თვითონაა ცენტრი ამ კორუფციის, არ ფიქრობს, რომ ეს არის ამ ქვეყნის პრობლემა. ძალაუფლება კი არ რყვნის, არამედ რყვნის შიში ძალაუფლების დაკარგვისა. „ქართულ ოცნებას“ რაც უფრო ეშინია, რომ ძალაუფლებას დაკარგავს, მით უფრო მძვინვარებს ქვეყანაში კორუფცია, რადგან ეს ხალხი მხოლოდ იმით არის დაკავებული და იმაზე ფიქრობს, როგორ მოიპაროს რაც შეიძლება მეტი, რათა საკუთარი შვილები ჰყავდეს დაცული, საკუთარი შვილების მომავალი დაიცვას სხვისი შვილების მომავლის და როგორც ჩანს, მათ შორის სიცოცხლის ფასადაც.

ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაიწყოს პარლამენტში ამ კანონპროექტზე მსჯელობა და დაუყოვნებლივ იქნას მიღებული ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, დრო დასჭირდება ამის რეალიზებას, მაგრამ ჩვენ თუ სადღაც არ დავიწყებთ, ჭაობი, რომელშიც დღეს ყველა ვცხოვრობთ, კიდევ უფრო ღრმად ჩაგვითრევს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.