სალომე სამადაშვილი - ვინც უსმინა „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის წარდგენას, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ არანაირი ხედვა, არანაირი გეგმა არ გააჩნია
წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენაზე „ქართულმა ოცნებამ“ და მათმა ლიდერმა, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა, ისაუბრეს მხოლოდ წარსულზე. ეს აჩვენებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა და ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი განწირულია მარცხისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ, რომ ადრე რეალურად ბიძინა ივანიშვილი ტყუილ დაპირებებს მაინც გასცემდა ხოლმე წინასაარჩევნოდ. ახლა, როგორც ჩანს, ამითაც კი არ უნდა, თავი შეიწუხოს და მოვისმინეთ, რომ ფაქტობრივად, წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენაზე „ქართულმა ოცნებამ“ და მათმა ლიდერმა, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა, ისაუბრეს მხოლოდ წარსულზე. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს პოლიტიკური ძალა და ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი განწირულია მარცხისთვის, რადგან ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში, საშინელი სოციალური პრობლემების წინაშე დგანან ჩვენი მოქალაქეები და ელოდებიან რეალურ სამოქმედო გეგმას. ვფიქრობ, რომ უკლებლივ ყველა, ვინც დღეს უსმინა ამ წარდგინებას, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არანაირი ხედვა, არანაირი გეგმა „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია და შესაბამისად, ამას ყველაფერს პასუხს გასცემს ამომრჩეველი 31 ოქტომბერს არჩევნებზე. წარსულზე საუბარი და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დადანაშაულება მას შემდეგ, რაც რვა წელიწადია, ბიძინა ივანიშვილი მართავს ქვეყანას და მისი მმართველობის შედეგად გამდიდრდა მისი ვიწრო წრე, მაგრამ გაღატაკდა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე, ივანიშვილი ფიქრობს, რომ ახლა ამ ხალხს კიდევ ერთხელ მოატყუებს, დაიწყებს საუბარს წარსულზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე და ასე შემდეგ. ეს ტყუილები უკვე იმდენჯერ აქვს მოსმენილი საზოგადოებას, რომ თუ რაიმე ტყუილის თქმა უნდათ ამასთან დაკავშირებით, რაიმე ახალი მაინც უნდა მოიგონონ. ვფიქრობ, ხალხის თვალში სრულიად გაკოტრებული და დისკრედიტირებული ძალაა „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი, ის ამას აუცილებლად დაინახავს საარჩევნო ყუთებთან 31 ოქტომბერს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.