სალომე სამადაშვილი - ვიმყოფებით პარლამენტში, რათა მიშელის მონაწილეობით მივიღოთ გარანტიები და დღის წესრიგი, რა თანმიმდევრობით შესრულდება ხელისუფლების ყველა ვალდებულება
მინდა, გამოვხატო ჩემი გულისწყვეტა იმის თაობაზე, რომ შეთანხმებას დღეს არ აქვს ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის ხელმოწერა. ჩემი სურვილი ნამდვილად იქნებოდა, რომ ჩვენ შევკრებილიყავით აქ ოპოზიციური დეპუტაციის სრული შემადგენლობით, – ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა შეთანხმების ყველა პუნქტზე საუბარს ემსახურება.
„ამავე დროს, მინდა, ავუხსნა საზოგადოებას, რომ მათ შორის დღევანდელი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მიშელთან ემსახურება სწორედ იმას, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ გავიაროთ მასთან ერთად შეთანხმების ყველა ის პუნქტი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის.
ამიტომ, პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, ჩვენ სულ მალე, ძალიან მალე ვიხილავთ როგორც ერთ პოლიტპატიმარს, გიორგი რურუას, ასევე მეორე პოლიტპატიმარს, ნიკა მელიას თავისუფლებაზე. ამის შემდეგ, შემიძლია გითხრათ და გაგიზიაროთ ჩემი იმედი, რომ ეს უკვე გახსნის გზას, ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი აქ, პარლამენტში. შესაბამისად, ჩვენ უკვე სრული შემადგენლობით დავიწყოთ იმ ცვლილებების განხორციელება, რომელმაც უნდა მიიყვანოს ეს ქვეყანა იმ არჩევნებამდე, რომელიც ფაქტობრივად არის თავისი შინაარსით მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ პოლიტიკური დატვირთვით ეს იქნება რეფერენდუმი ამ ქვეყნის მომავალზე. ვგულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს სრული, ძლიერი ოპოზიციური ერთიანობა აქ, საქართველოს პარლამენტში. უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა აქაც, საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც თბილისის ქუჩებში, რათა ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციამ მოიპოვოს დამაჯერებელი გამარჯვება. ამის შედეგად ჩვენ მოვითხოვოთ ვადამდელი არჩევნები შესაბამისად, ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ. სწორედ ამას ემსახურება ეს შეთანხმებაც და ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდა ბულინგს იმ ადამიანების მისამართით, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს, სამადაშვილმა განაცხადა, რომ
„არ ვუპასუხებ არც დღეს და არც არასდროს არც ერთ ბრალდებას. ზუსტად ვიცი, რომ დღეს აქ, ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ პირთან შეხვედრაზე ვიმყოფები, რათა პირველ რიგში, მას გადავუხადო მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ოპოზიციისთვის, ქართველი ხალხისთვის და დემოკრატიის ინტერესებისთვის. ამის გარდა, აქ ვიმყოფები იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე უშუალოდ, მიშელის მონაწილეობით მივიღოთ გარანტიები და დღის წესრიგი, როგორ, რა თანმიმდევრობით შესრულდება ყველა ვალდებულება, რომელიც აღებული აქვს ხელისუფლებას“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.