სალომე სამადაშვილი - ვიღაცის სახლთან მივარდნა და აქციის გამართვა არც სააკაშვილის პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს და არც საერთაშორისო წნეხის გაზრდას
ვიღაცის სახლთან მივარდნა და აქციის გამართვა არც მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს და არც საერთაშორისო წნეხის გაზრდას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, როგორ იბრძვიან და წარმართავენ პოლიტიკურ საქმიანობას.
„სააკაშვილის საკითხზე პოზიციას დიდი ხანია, ვაფიქსირებთ, რაც ცნობილია. ყველა ტრიბუნიდან ვაფიქსირებთ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენ გვჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა გადაიჭრება საერთაშორისო წნეხის შედეგად. რამდენად ხელს უწყობს ის პროცესები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანონსა ამ საერთაშორისო წნეხის გაზრდას, ვერ გეტყვით, ეს უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევანია, როგორ იბრძვიან ისინი და წარმართავენ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ვიღაცის სახლთან მივარდნა და იქ აქციის გამართვა არც მიხეილ სააკაშვილის პრობლემის გადაჭრას უწყობს ხელს და არც საერთაშორისო წნეხის გაზრდას. საბოლოო ჯამში, აზიანებს პოლიტიკურ აქტორებს, რომლებიც მსგავს აქციებში არიან ჩართულნი“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.