სალომე სამადაშვილი - ვერაფერს ვიტყვი, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დაბრუნება გადაწყვიტა, ეს იყო შეცდომა, მაგრამ დღეს გადაუდებელი ამოცანაა მისი სიცოცხლის გადარჩენა
ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო შეცდომა. მისივე თქმით, ახლა ეს საკითხი მეორეხარისხოვანია, რადგან გადაუდებელი ამოცანაა სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა.
„ვერაფერს ვიტყვი იმის თაობაზე, ვისი იმედი ჰქონდა სააკაშვილს, როდესაც დაბრუნებაზე მიიღო გადაწყვეტილება. შემიძლია, გავიმეორო ჩვენი პოზიცია – მიგვაჩნია, რომ ეს იყო შეცდომა, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. პირველი გადაუდებელი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა. ვფიქრობ, დანარჩენს საზოგადოებას თავად ეტყვის მიხეილ სააკაშვილი, როცა ამის დრო მოვა, მაგრამ ფაქტი ერთია, როგორც ჩანს, შეცდომაში შეიყვანეს. გამიჭირდება, გითხრათ, ეს გამიზნული იყო, თუ იყო შეცდომა იმ ადამიანების, ვინც ამაში მონაწილეობდნენ, მაგრამ იმედი მაქვს, საზოგადოება მეტს გაიგებს მომავალში. ამაზე ინტერესი ძალიან დიდია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სასამართლომ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად არის აუცილებელი.
„რაც შეეხება სასამართლოს, შემიძლია, მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ სასამართლოზე პოლიტიკური წნეხი მოიხსნება. ხვალ ევროპარლამენტი განიხილავს ანგარიშს, რომელიც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და ევროკავშირის ურთიერთობებს. ვფიქრობ, ხვალ ევროპარლამენტში, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, არაერთხელ მოვისმენთ შეფასებებს, რომლებიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენის აუცილებლობას. დღევანდელი ვითარება სერიოზულ გამოწვევას უქმნის ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლის გადასარჩენად“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.