სალომე სამადაშვილი - ვენეციის კომისიისთვის ნათელია, რომ მმართველი გუნდი სასამართლოს დაკომპლექტებას პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს
ვენეციის კომისიისთვის ნათელია, რომ მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს დამოუკიდებელი სასამართლოს ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად გამოიყენებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაამყაროს კონტროლი უზენაეს სასამართლოზე.
„ირაკლი კობახიძეს დავეთანხმები იმაში, რომ რეკომენდაციის გაცემა გარკვეულწილად პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მოხდა, რომ დღევანდელმა პარლამენტმა უზენაესი სასამართლო სრულად არ უნდა დააკომპლექტოს. ამას თავისი მიზეზი აქვს. ვენეციის კომისიისთვის ნათელია, რომ დღევანდელი პოლიტიკური შემადგენლობის პირობებში მმართველი გუნდი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესს დამოუკიდებელი სასამართლოს ინტერესების წინააღმდეგ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაცავად გამოიყენებს. სწორედ ამიტომ, ვენეციის კომისიის ეს განცხადება და პოლიტიკური კონტექსტით გაკეთებული შეფასება მმართველი გუნდის მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ მათ რეალურად სურთ, რომ შეასრულონ ის სულისკვეთება, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშია ასახული. თუმცა, მე ამის იმედი, რა თქმა უნდა, არ მაქვს. დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოველი, რომ ამ კანონში რაიმე ტექნიკური ცვლილებების გარდა შინაარსობრივი და საფუძვლიანი ცვლილებები შევა, რადგან პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, დღევანდელი ხელისუფლებისთვის უზენაეს სასამართლოზე სრული კონტროლის დამყარება რაც შეიძლება სწრაფად, უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ვენეციის კომისიამ მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები გუშინ გამოაქვეყნა.