სალომე სამადაშვილი - სასწრაფოდ დაიწყოს პარლამენტმა მუშაობა, რათა მოვითხოვოთ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან ნაწილობრივ მაინც დაუყოვნებლივ მიერთება
კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევა დიპლომატიურ ენაზე ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არათუ არ ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს, არამედ ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ომის ამოცანების განხორციელებას, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, ახლა დღის წესრიგში აყენებენ მოთხოვნას, საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა, რათა მოითხოვონ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან ნაწილობრივ მაინც დაუყოვნებლივ მიერთება.
„უკრაინის სახელმწიფომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და საქართველო რუსეთის შემდეგ გახდა ის სახელმწიფო, საიდანაც გაიწვია კონსულტაციებისთვის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინდა, ავუხსნა საზოგადოებას, რას ნიშნავს ეს დიპლომატიურ ენაზე – უკრაინის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი პოლიტიკით არათუ არ ეხმარება უკრაინის სახელმწიფოს, არამედ ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციის და ომის ამოცანების განხორციელებას, რაც არის უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება.
ჩვენ მმართველ უმრავლესობას არაერთხელ მოვუწოდეთ, ჩაგვეტარებინა პარლამენტის საგანგებო სხდომა, მივმართეთ, მოგვეწვია დღეს აქ ელჩი, რომელიც პლენარული სხდომიდან მიესალმებოდა და გაამხნევებდა უკრაინელ ხალხს.
ამის ნაცვლად, ის გაწვეულია და ახლა ვაყენებთ დღის წესრიგში მოთხოვნას, სასწრაფოდ დაიწყოს საქართველოს პარლამენტმა მუშაობა, რათა მოვითხოვოთ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან ნაწილობრივ მაინც დაუყონებლივ მიერთება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან. ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა, რომ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის თქმით, ასევე მიმართავს ქართველ ხალხს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა მათ შორის აქტიური პროტესტის, შეკრების გზით.
„რეალობა არის ის, რომ ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, სრული ოპოზიციური სპექტრი და მეორე მხარეს დგას პრემიერ- მინისტრი ღარიბაშვილი მისი უმრავლესობით, რომელიც ელოდება კიევის დაცემას და სწორედ ასე შეაფასა უკრაინის ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ პოზიცია.
მსურს, მოვუწოდო ყველას, ერთიანად დავაფიქსიროთ პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მივუწოდებ საგარეო საქმეთა მინისტრს, გამოვიდეს უახლოეს წუთებში და აუხსნას საქართველოს მოსახლეობას და ქართველ ხალხს, რა არის იმ მთავრობის პოზიცია, რომელსაც წარმოადგენს, რას ნიშნავს, როცა უკრაინა იწვევს ელჩს, გააკეთოს განმარტება ზალკალიანმა უახლოეს წუთებში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.