სალომე სამადაშვილი - ოლივერ ვარჰეი ევროკომისრის პოსტზე დასახელებული იყო ორბანის ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისად, ფაქტების აღწერაა, რომ ევროპაში ის წარმოადგენს გარიყულ პოლიტიკურ ძალას
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, ნუ უწევს საბოტაჟს ქვეყნის ევროპულ მომავალს, ყურადღებით გაეცნოს ყველა პრობლემას, რაც ჩამოთვლილია ევროპელი კოლეგების მხრიდან და დაიწყოს მათი მოგვარება, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს შანსი, მიიღოს კანდიდატის სტატუსი იმ პრობლემების გადაჭრის გარეშე, რომელიც აღწერილია ევროპარლამენტის მიერ“.
მისივე თქმით, ვარჰეის გუშინდელი შეფასებები აცდენილია საერთო აზრთან, რომელიც ევროკავშირში ჩამოყალიბებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის წარმომადგენელია და ევროკომისრის პოსტზე დასახელებული იყო სწორედ ორბანის ხელისუფლების მხრიდან. ორბანის პარტიაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. შესაბამისად, ფაქტების აღწერაა, რომ ევროპაში ის წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარიყულია და გარიცხულია „ევროპის სახალხო პარტიიდან“. ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია არ არის საკმარისი, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პოზიცია მქონდა გუშინ, მაქვს დღეს და მექნება ყოველთვის. არავინ უნდა მოატყუოს „ქართულმა ოცნებამ“, რომ ევროპარლამენტის ანგარშებში აღწერილი უმძიმესი გამოწვევების გადაჭრის გარეშე საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მგონი, საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც გუშინ მოისმინა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის, დაგვეთანხმება, რომ ეს შეფასება იყო აცდენილი რეალობას. ასევე, ჩემთვის ძალიან უცნაური იყო განაცხადი, რომ ვარჰეის არ სმენია პოლიტიზებული მართლმსაჯულების პრობლემებზე მაშინ, როცა ევროპარლამენტს საზედამხედველო ფუნქცია აქვს მის ოფისზე და ევროკომისარი ემორჩილება. ძალიან უცნაური იყო მისი განაცხადა, რომ არ იცნობს პრობლემებს, რაც აღწერილია ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებში. ვფიქრობ, მისი შეფასებები იყო უცნაური არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი მისი კოლეგისთვისაც და ევროპარლამენტის წევრებისთვის. გუშინდელი შეფასებები არის აცდენილი საერთო აზრთან, რომელიც ევროკავშირში ჩამოყალიბებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ნუ უწევს საბოტაჟს ქვეყნის ევროპულ მომავალს, ყურადღებით გაეცნოს ყველა პრობლემას, რაც ჩამოთვლილია ევროპელი კოლეგების მხრიდან და დაიწყოს მათი მოგვარება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.