სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - ის ვალდებულებები, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით გაქვთ აღებული, აუცილებლად შესრულდება
დღეს ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ ესწრება ბიუროს სხდომას, ეს არის პირველი შეკრება მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ არ აპირებს შეასრულოს ვალდებულებები რომლებიც აიღო 19 აპრილის შეთანხმების შედეგად. ალბათ, ბატონ კახას და „ქართული ოცნების“ სხვა წევრებს დღეს იმედი ჰქონდათ, რომ ეს ბიუროს სხდომა ოპოზიციის თანამონაწილეობის გარეშე ჩაივლიდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმება აუცილებლად უნდა შესრულდეს.
„ის ვალდებულებები, რაც თქვენ აღებული გაქვთ ამ შეთანხმებით, აუცილებლად შესრულდება, მათ შორის კონსტიტუციის შეცვლა, რომელიც უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად. მე ამასთან დაკავშირებით მაინტერესებს, რომ გაგვაცნოთ ამ ბიუროს სხდომაზე კონსტიტუციასთან დაკავშირებით შემდეგი რა არის ჩანიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა კომიკურად და საკუთარი თავის აბუჩად და მასხრად აგდებით „ქართულმა ოცნებამ“ არ აღმოაჩინა, რომ კონსტიტუციის შეცვლაზე შეთანხმებაც არაკონსტიტუციური ჩანაწერი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში. ჩვენ თქვენგან განსხვავებით ხელი რასაც მოვაწერეთ, ვიცოდით. არ ვთვლით, რომ ხელი მოვაწერეთ რაიმეს, რაც ვთვლით, რომ არის არაკონსტიტუციური. ვაპირებთ ყველაფრის გაკეთება, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა სამადაშვილმა.