სალომე სამადაშვილი - უკეთესი იქნებოდა, პაპუაშვილს მეცოლასთვის მიემართა წერილით, რომელშიც იტყოდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის, მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ჟან მონეს დიალოგი შედგეს
უკეთესი იქნებოდა, შალვა პაპუაშვილს ქალბატონი მეცოლასთვის მიემართა წერილით, რომელშიც იტყოდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის, მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ჟან მონეს დიალოგი შედგეს, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
სამადაშვილმა აღნიშნული კომენტარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი მიმართვის შეფასებისას გააკეთა.
როგორც სამადაშვილი ამბობს, ჟან მონეს პოლიტიკური დიალოგი, როგორც ინსტრუმენტი, გამოიყენება მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში.
„ეს ჩადებული იყო შარლ მიშელის შეთანხმებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და საკითხი შესულია პრობლემათა სიაში. ჟან მონეს პოლიტიკური დიალოგი, როგორც ინსტრუმენტი, გამოიყენება მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში. ცარიელი სიტყვების ნაცვლად, შალვა პაპუაშვილს შეეძლო, საკუთარი ნაბიჯებით დაემტკიცებინა, რაც მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელეწიფება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.