სალომე სამადაშვილი - უპრიანი იქნება, დაველოდოთ ნიკა მელიას გათავისუფლებას და ოპოზიციამ ერთიანად შეაჯეროს პოზიცია, რა სტრატეგიაა ყველაზე მომგებიანი თვითმმართველობის არჩევნებში
უფრო უპრიანი იქნება, ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდოთ და ოპოზიციამ ერთიანად შეაჯაროს პოზიცია, რა სტრატეგიაა ყველაზე მომგებიანი ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნებში, – ამის შესახებ „ნციონალური მოძრაობის“ მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი სჭირდება, თუ დამოუკიდებლად ბრძოლა მეტად მომგებიანი იქნებოდა?“.
„დღეს, როდესაც ნიკა მელია არის პატიმრობაში და არ ვიცი საერთოდ რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული იგივე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და სხვა, უფრო უპრიანი იქნება, რომ ნიკას გათავისუფლებას დაველოდოთ და ოპოზიციამ ერთიანად შეაჯეროს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რა სტრატეგია არის ყველაზე მომგებიანი ოპოზიციისთვის თვითმმართველობის არჩევნებში“, – აღნიშნა სამადაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „თუ კანდიდატი იქნება ნიკა მელია, ექნება თუ არა მას თქვენი მხარდაჭერა“, – სამადაშვილის თქმით, ახლა მისი მთავარი ამოცანაა ნიკა მელიას გათავისუფლება, შემდეგ კი, შეთანხმდებიან სტრატეგიაზე, რომელიც ოპოზიციისთვის ხელისუფლების დამარცხების უზრუნველსაყოფად ყველაზე სწორი იქნება.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნიკა მელია დღეს არის პოლიტიკური პატიმარი. ჩემი მთავარი ამოცანაა, რომ ის გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ამის შემდეგ ნიკა, მისი პარტია, სხვა ოპოზიციური პარტიები იმსჯელებენ და შეთანხმდებიან იმ სტრატეგიაზე, რომელიც იქნება ხელისუფლების დამარცხების უზრუნველსაყოფად ყველაზე სწორი ოპოზიციისთვს და მე ამ განხილვებში მონაწილეობის მიღებას ვაპირებ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.