სალომე სამადაშვილი - თუ ტექნიკურად არსებობს არჩევნების შედეგების გასწორების შესაძლებლობა ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს, მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს
სალომე სამადაშვილი - თუ ტექნიკურად არსებობს არჩევნების შედეგების გასწორების შესაძლებლობა ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს, მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს

თუ ტექნიკურად არსებობს არჩევნების შედეგების გასწორების შესაძლებლობა ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

სამადაშვილმა ასევე დასძინა, რომ ხელახალი არჩევნების გარდა, გაყალბებულ შედეგებს, სავარაუდოდ ვერაფერი გაასწორებს.

ამასთან, მისივე თქმით, ქუჩის პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან ეს აიძულებს ხელისუფლებას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.

„უამრავი ზარი შემოდის. მედიასთან ვერ შევდივარ კონტაქტში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. მხოლოდ შემიძლია ჩემი აზრი ვთქვა – პარლამენტში შესვლას უპირობოდ არავინ დათანხმდება, ცხადია. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. პროტესტი აიძულებს ხელისუფლებას, დასხდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, დასავლეთის შუამდგომლობით. შეთანხმების პირობა უნდა იყოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ცესკო-ს ახალი შემადგენლობა. თუ ტექნიკურად არსებობს შესაძლებლობა არჩევნების შედეგების გასწორების ისე, რომ ხალხის არჩევანი აისახოს შედეგებში, მე პირადად განვიხილავდი ამ შესაძლებლობას, მაგრამ დღეს, ვერ ვხედავ, რომ განმეორებითი არჩევნების გარდა, რაიმეს შეუძლია გაასწოროს ის გაყალბება, რაც ოცნებამ დაატრიალა 31-ში. ასეთ ტექნიკურ შესაძლებლობას ვინმე თუ წარადგენს, ამ მესამე პუნქტთან მიმართებაში მე დავიტოვებდი მოლაპარაკებებისთვის სივრცეს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, თავდაპირველად გავრცელებულ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ და ყველა ძალას მოუხმონ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად. მოგვიანებით კი მან დამატებით განმარტა, რომ თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება, არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას და არც პარლამენტში შევლენ.