სალომე სამადაშვილი - თუ არსებობს რამე საფუძველი, რომ შეთანხმება შედგეს, აზრი ექნება მესამე რაუნდს, მოლაპარაკება მოლაპარაკებისთვის ვერ გაიმართება
მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება თუ არა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა წინადადებით არის მზად „ქართული ოცნება“ წარსდგეს ოპოზიციის წინაშე, რადგან რაუნდი რაუნდისთვის ან მოლაპარაკებები მოლაპარაკებებისთვის ვერ გაიმართება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„თუ არსებობს რამე საფუძველი, რომ შეთანხმება შედგეს, მაშინ ცხადია, აზრი ექნება მოლაპარაკებების გაგრძელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება აზრი არ ჰქონდეს უბრალოდ შეხვედრას. მიმაჩნია, რომ თუ სივრცეს გააჩენს „ქართული ოცნება“ იმით, რომ ჩვენ შევთანხმდებით ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე 2021-ში, მოლაპარაკება არის შესაძლებელი. ეს არის უმრავლესობის პოზიცია ოპოზიციაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებასაც გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ოპოზიციის გაერთიანებული და შეთანხმებული პოზიცია ამ მოლაპარაკებებზე არის ის, რომ არსებობს მთელი რიგი გადასაჭრელი საკითხები გადასაჭრელი, რათა კომპლექსურად შევთანხმდეთ იმაზე, რომ ქვეყანაში იცვლება პოლიტიკური გარემო და ამაში შედის, როგორც პოლიტპატიმრების საკითხი, ასევე საარჩევნო რეფორმა, ამასთან, ის, თუ როდის დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. სხვა პოზიცია ოპოზიციაში შეთანხმებული არ არის, თუმცა რა თქმა უნდა ოპოზიციის კონკრეტულ, ინდივიდუალურ წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ რაღაც საკუთარი მოსაზრებები, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ ბატონი ჯაფარიძის პოზიციაზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.