სალომე სამადაშვილი - თუ არ შევცვალეთ საარჩევნო გარემო და პოლიტიკური სისტემა, რომელმაც არჩევნებს შინაარსი გამოაცალა, რამდენპროცენტიანი ბარიერი იქნება, მნიშვნელობა არ აქვს
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ბარიერი იქნება, თუ ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია, დააპატიმროს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, მასმედიის წარმომადგენელი თუ სხვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია არის, რომ მხარს ვუჭერთ ბარიერის შემცირებას. მიგვაჩნია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიისა და მრავალპარტიულობის შექმნას. რაც შეეხება უშუალოდ რაიმე საკანონმდებლო ცვლილებებისთვის ხმის მიცემას, იცით ჩვენი პოზიცია, ველოდებით შეთანხმების მიღწევას, თუ ეს შესაძლებელი გახდა მოლაპარაკების გზით. თუ ჩვენ შევთანხმდებით იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც ჩვენთვის არის პრინციპული საკითხები, ოპოზიცია შესაბამისად მზად იქნება, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე ბოიკოტი, ცხადია, რჩება ძალაში შეთანხმების მიღწევამდე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური სისტემის ცვლილების გარეშე ბარიერის ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს.
„ჩვენ თუ არ შევცვალეთ ქვეყანაში საარჩევნო გარემო და ის პოლიტიკური სისტემა, რომელმაც ფაქტობრივად არჩევნებს შინაარსი გამოაცალა, რამდენპროცენტიანი ბარიერი იქნება, არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ აქვს. ბარიერის შემცირება ჩვენთვის არის იმ პაკეტის ნაწილი, რომელზეც ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რათა ქვეყანაში შეიქმნას ახალი პოლიტიკური გარემო. ამიტომ არ განვიხილავთ განცალკევებულად ბარიერის შემცირების თემას სხვა საკითხებისგან. მათ შორის, კიდევ მინდა, ვთქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ბარიერი იქნება, თუ ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია, დააპატიმროს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, მასმედიის წარმომადგენელი თუ სხვა“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო ბოიკოტთან მიმართებით ოპოზიციის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება.
„რაც შეეხება ოპოზიცის შემუშავებულ პოზიციას, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებამდე და ვადამდელ არჩევნებამდე ვერ მივიღებთ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში, მე რამდენადაც მახსოვს, ეს არის ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია. დღეს არ მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ ოპოზიციის ერთიანობას რამე საფრთხე ემუქრება ამ თვალსაზრისით“, – დასძინა სალომე სამადაშვილმა.
საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები მომზადდა. ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა. კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირება იგეგმება. პარლამენტში აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება უკვე დარეგისტრირდა.