სალომე სამადაშვილი - სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა მუქარის ენა, რომლითაც დღეს ხელისუფლება საუბრობს
სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა მუქარის ენა, რომლითაც დღეს ხელისუფლება საუბრობს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მუქარის ენით საუბრის ნაცვლად, უმჯობესია „ქართული ოცნება“ მოლაპარაკების მაგიდასთან მივიდეს ისეთი წინადადებით, რომელიც კონსენსუსითვის სივრცეს შექმნის.
„გამოსავალი ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნაცვლად ოპოზიციასთან მუქარის ტონით საუბრისა და ნაცვლად ისეთი ქმედებებისა, რომელიც გამოხმაურებას პოულობს სტრატეგიული მოკავშირეების საელჩოებისგან და სენატიდან, მოვიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ისეთი წინადადებით, რომელიც შექმნის კონსესუსისთვის სივრცეს და ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალს.
მანდატების გაუქმების შესახებ ოპოზიცია რომ აპირებდა განცხადებით მიემართა, ამაში ახალი არაფერია და ეს ჩვენ მიერ პირველივე დღიდან იყო გაცხადებული. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა სწორედ ეს მუქარის ენა, რომლითაც დღეს ხელისუფლება საუბრობს და ისინი მმართველ გუნდს ამ მუქარის ენის გადახედვისკენ მოუწოდებენ, რათა მივიდეთ რაიმე სახის შეთანხმებამდე.
ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს წაართვა ის უმთავრესი უფლება, რაზეც დაფუძნებულია სხვა უფლებები დემოკრატიულ ქვეყანაში – ეს რის დემოკრატიული არჩევნების უფლება. ამიტომ ცხადია, ქართველი ხალხი დაიბრუნებს ამ უფლებას, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების გზით აირჩიოს ხელისუფლება, მათ შორის ძალიან მწვავე საჯარო პროტესტის გზით“, – განაცხადა სამადაშვილმა.
რევოლუციურ სცენარებზე დასმული კითხვის საპასუხოდ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მწვავე საჯარო პროტესტით აუცილებლად მიიღწევა საარჩევნო სისტემის ცვლილება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები. ამასთან, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ მწვავე პროტესტში იგულისხმება კონსტიტუციით გათვალისწინებული პროტესტის ფორმები.
„ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ მწვავე საჯარო პროტესტს მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილება. მართალია, ვერ გადავედით სრულად პროპორციულ სისტემაზე, რაც იყო ხალხის მოთხოვნა, მაგრამ გავაუმჯობესეთ საკონსტიტუციო ჩარჩო დემოკრატიისთვის. ახლა ასეთივე მწვავე პროტესტით მივაღწევთ როგორც საარჩევნო გარემოს შეცვლას, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში ჩატარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მწვავე პროტესტში ვგულისხმობ კონსტიტუციით გათვალისწინებული პროტესტის ყველა ფორმას, რომელიც არავის არ გაუუქმებია. იცით, რომ დღეს რთული ვითარებაა პანდემიის თვალსაზრისით, ამიტომ არის გარკვეული შეზღუდვები, მაგრამ ვფიქრობ, „ქართული ოცნებისგან“ შეურაცხყოფილი ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ხელისუფლებას, მათ შორის თბილისის ქუჩებში“, – განაცხადა სამადაშვილმა.