სალომე სამადაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება საკუთრების უფლებების კონტექსტში მიიღო
სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ კონტექსტში, რომელიც შეეხებოდა საკუთრების უფლებებს და არ უმსჯელია უფრო ფართო კონტექსტზე, რასაც რეალურად ეხებოდა ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხარო რეალობაა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მასმედიის თავისუფლების ხარისხისა და დამოუკიდებლობის ფონზე.
„გვესმის, რომ სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო იმ კონტექსტში, რომელიც შეეხებოდა საკუთრების უფლებებს და არ უმსჯელია უფრო ფართო კონტექსტზე, რასაც რეალურად ეს გადაწყვეტილება ეხებოდა. სამწუხაროდ, ამ გადაწყვეტილების ირიბი შედეგი არის დამატებითი საფრთხის შექმნა დამოუკიდებელი მასმედიისთვის ქვეყანაში, სადაც ამ თვალსაზრისით ისედაც გვაქვს სერიოზული გამოწვევები. ახლა მნიშვნელოვანია, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში არის საკმაოდ მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ხელისუფლებამ ბოროტად არ გამოიყენოს სტრასბურგის გადაწყვეტილება. სამართლებრივ პროცესს შესაძლებლობა მისცეს, რომ ბოლომდე მივიდეს. ვგულისხმობ იმას, რომ უნდა გასაჩივრდეს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რაც შესაძლებელია, გასაჩივრდეს იურიდიული თვალსაზრისით.
ძალიან საგანგაშოა განცხადებები, რომელიც კეთდება იმასთან დაკავშირებით, რომ საკადრო ცვლილებები მყისიერად უნდა განხორციელდეს ტელევიზიაში. ეს ნიშნავს იმას, რომ „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა არის ხელისუფლებისთვის გადაუდებელი ამოცანა და ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ეს. ამ თვალსაზრისითაც არსებობს სამართლებრივი თავდაცვის შესაძლებლობები, მათ შორის არხის დირექტორისთვის და მან ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ საჯარო რეესტრს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩააბარა და მისი აღსრულება მოითხოვა. რეესტრმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ტელეკომპანიის 60-პროცენტიანი წილის მფლობელად ქიბარ ხალვაში, 40-პროცენტიანი წილის მფლობელად კი შპს „პანორამა“ დაარეგისტრირა.