სალომე სამადაშვილი - სირცხვილია ისეთი ნონსენსის განხილვაში მონაწილეობა, როგორიც „პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფრაქცია „პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტის „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ განხილვაში.
„მე წინა კომიტეტი სიმბოლურად არ დამიტოვებია. ვგულისხმობ, რომ პარლამენტში ამ ნონსენსის განხილვაში მონაწილეობა სირცხვილია. არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ნებისმიერი პარლამენტის წევრისთვის, რომელიც საკუთარ მანდატს, საკანონმდებლო ორგანოს და ქართველ ამომრჩეველს პატივს სცემს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, რომ დღევანდელ განხილვაში მონაწილეობას არ ვაპირებ“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული რეზოლუციის ინიცირება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება და ხელისუფლების ინტერესშია.
„სირცხვილად მიმაჩნია, რაც დღეს ჩვენს პარლამენტში ხდება. როდესაც „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია, „პატრიოტების“ სახით, კამპანიას არჩევნების წინ იწყებს, რათა თავს ყველაზე მნიშვნელოვან ოპოზიციურ პარტიას დაესხას. შეეცადოს, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუოს, რომელსაც გასული ექვსი წლის განმავლობაში მისი მმართველობის პირობებში ვერაფერი შესთავაზა. კვლავ წარსულზე საუბრობს, იმიტომ, რომ მომავალზე საუბრის რესურსი „ქართულ ოცნებას“ და მათ სატელიტ პარტიას, „პატრიოტთა ალიანს“ ამოწურული აქვს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
„სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ.