სალომე სამადაშვილი - შევთანხმდით, რომ „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოლაპარაკებების იმ პირობებს, რომელიც ოპოზიციამ ერთმანეთში შეათანხმა
ამ ეტაპზე შევთანხმდით, რომ პოლიტსაბჭო მხარს უჭერს მოლაპარაკებების იმ პირობებს, რომელიც ოპოზიციამ ერთმანეთში შეათანხმა, რადგან მნიშვნელოვანია, პარტიიდან იყოს ერთიანი პოზიცია იმ პირობებთან დაკავშირებით, რომლითაც დღეს წარსდგება ოპოზიცია ელჩებთან მოლაპარაკებების პროცესში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილის პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, აღნიშნულ თემებზე საჯაროდ დაიწყოს დისკუსია.
„რა არის ეს პირობები, ამას გაგაცნობენ პოლიტიკური პარტიები ელჩებთან შეხვედრის შემდეგ. ჩვენი სურვილია, საჯაროდ დაიწყოს უკვე დისკუსია ამ პირობებზე, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაც იყოს ჩართული ამ დისკუსიაში. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი, სამართლიანი, პოლიტიკურად გამართული, სახელმწიფოებრივი ინტერესებით მოტივირებული წინადადებაა ის, რაც დღეს ოპოზიციას აქვს მომზადებული. „ქართულ ოცნებას“ თუ სურს, რომ ქვეყანა გამოვიდეს პოლიტიკური კრიზისიდან, ჩვენ მათ ამ წინადადებით ვაძლევთ სივრცეს მოლაპარაკებებისთვის და შეთანხმებისთვის. ბურთი იქნება „ქართული ოცნების“ მოედანზე. ჩვენთვის ძალინ მნიშვნელოვანია, რომ საჯარო გახდეს ჩვენი წინადადებები, რადგან საზოგადოებამ უნდა დაინახოს რეალურად, დღეს ვის სურს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა და ვის სურს პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“, – განაცხადა სამადაშვილმა.