სალომე სამადაშვილი - შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და, რამდენადაც მესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ სრული დეპუტაციით მალე იქნება პარლამენტში
სალომე სამადაშვილი - შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და, რამდენადაც მესმის, „ნაციონალური მოძრაობა“ სრული დეპუტაციით მალე იქნება პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა ყველას ინტერესებში იყო.

სამადაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოუწოდა, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით, ასევე აცნობა საკუთარი გადაწყვეტილება ინდივიდუალურად ხელმოწერის შესახებ.

„მიმაჩნია, რომ იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც დღეს საერთაშორისო ასპარეზზე არის შექმნილი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ ამ პროცესში ახლავე წარმოდგენილი და სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელი აღნიშნულ შეთანხმებას. თქვენ იცით, რომ ხვალ იგეგმება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნიკა მელიაზე ზოგადად ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ამ შეხვედრაზე ვიყოთ ჩვენ წარმოდგენილი, შესაბამისად, დღევანდელი ხელმოწერა ვფიქრობ, იყო ყველას ინტერესებში.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე მოვუწოდე პარტიას, რომ ჩვენ მივიღოთ გადაწყვეტილება, ხელი მოვაწეროთ ამ დოკუმენტს, ვაცნობე ჩემი გადაწყვეტილებაც, რომ მე ვგეგმავ, ხელი მოვაწერო ამ დოკუმენტს.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რამდენადაც მესმის, მათი გადაწყვეტილება არის, რომ ისინი შემოუერთდებიან ამ დოკუმენტს მოგვიანებით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს დოკუმენტი ხელმოწერისთვის ჯერჯერობით არის ღია. მინდა, ყველას ესმოდეს, რომ ის ადამიანები, ვინც დღეს ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას, პარლამეტში  მივლენ ამნისტიის კანონის მხარდასაჭერად.

ამ კანონის თანამხმად, ჩვენ შესაბამისად მივიღებთ მათ შორის ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას და ამის შემდეგ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობაც“ შემოურთდება დანარჩენ ოპოზიციას, მოდით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, რადგან ჯერ პარლამენტში საქმიანობა ჩვენ არ დაგვიწყია.

დღეს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, ამ შეთანხმებას აქვს თავისი პირობები, ეს პირობები უნდა შესრულდეს, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო პროცესი და „ნაციონალური მოძრაობა“, მე რამდენადაც მესმის, სრული დეპუტაციით მალე იქნება წარმოდგენილი ასევე პარლამენტში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველოდება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამასთან, სამადაშვილის შეფასებით, დღევანდელმა დღემ მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათ შორის საქართველოს ევროპული მომავლის მიმართულება.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო, ხვალ პრეზიდენტი მიშელი ჩამოვა საქართველოში მორიგი ვიზიტით და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელმა დღემ ძალიან მნიშვნელოვნად განსაზღვრა მათ შორის ჩვენი ევროპული მომავლის მიმართულება ჩვენი ევროპელი კოლეგების თვალში.  სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დღეს, ამ დოკუმენტზე ჩემი ხელმოწერა ყოფილიყო.

თქვენ იცით, რომ ამნისტიის კანონის მიღება იქნება ის პირველი კანონპროექტი, რომელსაც მხარს დაუჭერს მათ შორის პარლამენტში შესული ოპოზიცია, რის შედეგადაც ნიკა მელია საპატიმროდან გათავისუფლდება“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა.

შალვა ნათელაშვილი ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა კი ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს.