სალომე სამადაშვილი - შეთანხმება პოლიტპატიმრების არსებობის პირობებში ვერ შედგება
პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების მიმართულებით თუ რაიმე ახალი წინადადებები იქნება, ცხადია, უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებსა და მედიატორთან მუშაობაზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემები კვლავაც რჩება პრობლემურ საკითხებად.
„იმთავითვე ვთქვით, რომ სამი პუნქტი ამ დოკუმენტში იყო ჩვენთვის მისაღები. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა პრობლემა ამ სამ პუნქტთან მიმართებაში და ახლა, როგორც ჩანს, განაცხადეს, რომ ეს მათთვის პრობლემა აღარ არის და შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ ეს სამი პუნქტი არის შეთანხმებული, რაც შეეხება ოპოზიციიის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას ორ საკითხთან – ვადამდელ არჩევნებთან და პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით, ჩვენთვის პრობლემა იყო, რომ ვადამდელი არჩევნები დოკუმენტში არ არის საერთოდ მოხსენიებული და პოლიტპატიმრების თემაც არ არის ასახული იმგვარად, რაც ჩვენ მოგვცემდა იმის საფუძველს, რომ ნიკა მელიას და გიორგი რურუას განთავისუფლებას მართლაც გეგმავს ხელისუფლება და ეს არის ფაქტობრივად მიღებული გადაწყვეტილება. ამიტომ, იმ საკითხებზე, რაზეც გვქონდა პრობლემები წარმოდგენილ დოკუმენტში – პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემაზე, დღესაც რჩება ეს ორი პრობლემატური საკითხი. ამ მიმართულებით თუ რაიმე ახალი წინადადებები იქნება და სივრცე შეთანხმების გაჩნდება, ცხადია, რომ არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებსა და მედიატორთან მუშაობაზე. ჩემთვის კარგად გასაგები არ არის, რა შუაშია ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა ვადამდელი არჩევნების საკითხის. ახალი კონსტიტუციის მიღების შემთხვევაში, პლებისციტზე კონსტიტუციისა და ვადამდელი არჩევნების დასმა ბევრად უფრო სწორი ნაბიჯი იქნებოდა, ვიდრე ადგილობრივი არჩევნების მიბმა ვადამდელი არჩევნების საკითხზე. ამდენად ეს წინადადება ოპოზიციაში არაერთგვაროვნად არის მიღებული“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისივე თქმით, შეთანხმება პოლიტპატიმრების არსებობის პირობებში ვერ შედგება.
„ჩვენ დასავლელი პარტნიორებისთვის ძალიან ნათლად არის ცნობილი, რომ ქვეყანაში შექმნილია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას სჭირდება შეთანხმების მიღწევა. შეთანხმება პოლიტპატიმრების არსებობის პირობებში ვერ შედგება და მათ არაერთხელ მიუთითეს „ქართულ ოცნებას“, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იყო შეცდომა. უკეთესია დავინახოთ პოლიტპატიმრების განთავისუფლება. ამის შემდეგ შეიქმნება სივრცე სხვა საკითხებზე სასაუბროდ“, – განაცხადა სამადაშვილმა.