სალომე სამადაშვილი - შარლ მიშელისგან მოვისმინეთ მოწოდება, რომ სასურველია, 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც სურს ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა
ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სასურველია, 19 აპრილის შეთანხმებას შეუერთდეს ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც სურს ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.
„ჩვენ მოვისმინეთ ასევე მოწოდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან, რომ სასურველია, ამ დოკუმენტს შეუერთდეს ჩვენს ქვეყანაში ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც სურს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფა.
ჩვენს ევროპელ კოლეგებს სწორედ მიშელის დოკუმენტი მიაჩნიათ იმ საკვანძო დოკუმენტად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალიც და ის პოლიტიკური ცვლილებებიც, რაც ამ ქვეყანას სჭირდება. ამიტომ მისი მხრიდან ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ მოწოდება, რომ მათ, ვისაც სურთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ხელი მოაწერონ აღნიშნულ შეთანხმებას“, – განაცხადა სალომე სამადაშვლმა.